Jul 22 2010

ბოლო ლექსი

გვესმის მუსიკა, შექმნილი კაცის,
გვიყვარს წიგნები გმირთა შესახებ.
დალევაც გვიყვარს გრეხილი ყანწის,
სანამ სიკვდილის კარებს შევაღებთ.

ნაცნობ ადგილებს ვცვლით უცნობებით,
რათა შევიცნოთ მთელი სამყარო.
ნაპოვნ ყვავილებს ვთვლით უცხო ვნებით,
მერე კი ვცდილობთ შორს გადავყაროთ.

თქვენ ყველას გიყვართ გმირების ცქერა,
მათი დაკრული სიმების ჟღერა.
..ზოგს გაიტაცებს წიგნების წერა,
ღამით ჩაესმის უცნობი ბგერა.

მე აღარ მესმის თქვენი სიმღერა,
მწვერვალზე ასულთ, გიჭირთ დაშვება.
თითქოს მიმწვდარხართ მათ გულის ძგერას,
იქ გიპოვნიათ ლხინი და შვება.

აღარ გიზიდავთ უბრალოება,
უბრალო სიტყვას აღარ თვლით არად.
შორს გისროლიათ უმანკოება,
ვარდის სურნელით გამხდარხართ ავად.

მე ეს არ მიკვირს, რა გამიკვირდეს?
ცხოვრებას ფუჭი ოცნება მართავს.
ჩუმად ვარ, გული რომც ამიყვირდეს
შევეგუები ტყუილ სამართალს.

ისევ გავყვები ბნელ ქუჩებს მარტო,
ისევ ოცნებით შევღებავ აზრებს.
ისევ შემხვდები შენ ცივო მარტო
და შეყვარებას ისევ დამასწრებ.

ლოდინის ქვაზე ჩამომსხდარ ფიფქებს
ისევ შეცვლიან ნუშის ყვავილნი,
ზამთრის სიცივით გათოშილ ფიქრებს
გამოაფხიზლებს კვირტთა კნავილი.

ხან თოვლი მოდის, ხანაც წვიმა წვიმს,
ქუჩაში მაინც ჩანან წყვილები,
მიუყვებიან ზოგჯერ ზღვის ნაპირს,
ჭკნობას ებრძვიან ვით ყვავილები.

არ მესმის თქვენი, მე სხვა ფიქრი მაქვს,
არ მინდა თქვენი ოქროს გალია.
მე ჩემი ტვირთი სადღაც, იქ, მიმაქვს,
რომ ვერ გაგიგეთ, ჩემი ბრალია.

იქნებ ეს ბრალი თქვენც მიგიძღვოდეთ,
ჩაკლული სული გეწვეთ გისერზე.
იქნებ ეგ თვალი თქვენც მიგირბოდეთ
ჩაფლული შუქის მერყევ კიბეზე.

ნანობდეთ იქნებ წარსულ ღამეებს,
ცრემლში ახვევდეთ ტანჯულ გონებას.
აცმაცუნებდეთ მაგ წვრილ ბაგეებს,
ლოცვით ნანობდეთ ძველ მოგონებას.

ან იქნებ ვერც გრძნობთ მხრებზე სიმძიმეს,
სინდისის ქარი არ გიწეწთ გულებს
და ასე ქარგავთ, ხლართავთ სიმ-მძივებს,
სასწორზე იწყობთ ცოდვის აგურებს.

ნუთუ გგონიათ, რამე შეგრჩებათ?
უსამართლობით სიმშვიდეს კარგავთ,
არც ერთი ლუკმა არ შეგერგებათ,
სანამ მინდორზე ხეებს არ დარგავთ.

შემცდარხართ, ყველას მოეთხოვება
პასუხი ყოველ განვლილ ნაბიჯზე,
როცა თავის გზას დაეთხოვება
და აღმოჩნდება სულთა ნადიმზე.

იფიქრეთ, სანამ ფიქრის ძალა გაქვთ,
ვინც ბევრს ინანებს, ის გადარჩება,
ამდენი ტვირთი მხრებით რომ დაგაქვთ..
მოსაცილებლად წამები გრჩებათ.


May 24 2010

სიბერე

მე ამ სიცოცხლის ვერ გამიგია.
სიცოცხლის, ვითომ დღეს რომ ჩემია.
ცოდვების წიგნი ხელთ ამიღია
და ერთი ცოდვა შემომრჩენია.

ვგრძნობ, რომ ოდესმე მასაც ჩავიდენ
და არ მასვენებს ეს ერთი კითხვა,
თუკი ამ წიგნში ვეღარ ჩავიწერ,
რაც სულში ასე ხშირ-ხშირად ითქვა.

ვერ გამიგია, თუ ეს სიცოცხლე
საჩუქრად მერგო ლურჯი ზეციდან,
მაშინ ამდენი რისთვის ვიცოცე
- რომ საჩუქარი ტვირთად მეზიდა.

არ შემძლებოდა ამ დიდი ძღვენის,
როგორც მინდოდა, ისე ხმარება.
ნუთუ ეს ტკბილი და სავსე დღენი
მწარედ და ჩუმად გამეპარება.

არა, არ მინდა, არ მინდა ასე,
არ მინდა მოვკვდე, როცა არ მინდა.
თეთრი თმა-წვერი თუ გავიპარსე,
თუ შემაშინა ცუდმა ამინდმა.

თუკი ვიგრძენი მუხლში სისუსტე
და დამავიწყდა, რაც კი ვაკეთე.
მაშინ ის ქარი რისთვის ვისუნთქე
თუ საბოლოოდ მე ვერ გავკვეთე.

არც ეგ სიბერე არ მისურვია,
რა სანატრელი თეთრი თმებია,
თუკი თავისთვის ვერ მიურვია,
ჩემს სიყვარულს კი ერქვას ბებია.

ვერ შევძლებ, ვერა, დიდხანს სიცოცხლეს,
ალბათ სუსტი ვარ, ამას რომ ვამბობ.
აღარ შემხედავს არც ერთი ქალი,
დაიწუნებენ მოხუცის ამბორს.

როცა ამ სიტყვებს ფურცელზეც კი ვწერ,
მინდა ვიცოდე ჩემი სასჯელიც.
თუ ჯოჯოხეთის ფსკერზე დავიწევ,
მადლი იქნება ეგ სატანჯველიც.

და მაინც, რამდენ ჩემნაირს ვნახავ,
იქ არ იქნება ვინმე ბებერი.
ფიქრის ქვიშაზე თითით მოვხაზავ
როგორ მიბღვერს და მკიცხავს მე ბერი.

ყოველი სტროფი უფრო ამძიმებს
ჩემს სათქმელს, სულს და ჯერ კიდევ შავ თმას.
როგორ გავუძლო ცოდვის ამ მძივებს,
როცა ვიცი, რომ იქ ცეცხლი შთანმთქავს.

არა, სიცოცხლე მაინც ტკბილია,
თუ არ დაბერდი, ბევრ რამეს კარგავ.
როცა შენს განვლილ ცხოვრებას თვალწინ
როგორც ობობა ქსელს, ისე ქარგავ.

მერე რა, თუკი თმა გაგცვენია
და გიკანკალებს მთელი სხეული,
მაშინ ხომ უკვე აღარც გრცხვენია
და სიკვლის ელი ცრემლმორეული.


Mar 24 2010

რწმენა

რწმენა

ვცხოვრობდი, როგორც უნდა მეცხოვრა
ვანტებდი სანთელს, ღმერთს ვადიდები.
ასე მასწავლეს, უნდა მელოცა
და მეც სიკეთეს გულში ვიდებდი.

ვეხმარებოდი ზოგჯერ უმწეოთ,
გამოშვერილ ხელს ხელით ვათბობდი
და ვნათდებოდი ასე უმზეოდ,
ყინულის გულებს სიტყვით ვადნობდი.

ვგრძნობდი, რომ სხვისთვის კარგი ვიყავი
და მიხაროდა ასე ცხოვრება,
მაგრამ ჩემს თავში ვიპოვე ავიც,
რამაც დამართა აზრს გაორება.

უეცრად სულში რყევა შევიგრძნე,
გამიძლიერდა უაზრო ეჭვი.
დაბრმავებულმა ვეღარ შევიცნე
როგორ ჩამესო ეშმაკის ეშვი.

ადრე თუ სხვების ცუდი მიკვირდა,
თავადვე გავხდი გასაკვირველი
და როცა სხვების ჭირი მიმძიმდა,
ჩემი ცოდვისვე ვიქეც მტვირთველი.

თითქოს ვუხვევდი მართალი გზიდან,
აღარც ტაძრისკენ მიწევდა გული.
ამ დროს კი თურმე მიცქერდნენ ციდან,
მელოდებოდნენ სულგანაბული.

უფრსკრულისაკენ მიმავალ ბილიკს
დაუღლელად და ხალისით ვსდევდი,
და მასზე ნაგებ, უხილავ მახეს
რომ არა რწმენა, – ვერ გამოვლევდი.

მას შემდეგ მივხვდი, მეღმერთს ვუყვარვარ
რადგან მაჩუქა მან მეგობრები,
რომელთა პირით მითხრა უფალმა,
რომ ჩემს წინ იყო დიდი მორევი.

ისევ დავიწყე ფიქრებთან ბრძოლა
და შერცხვენილი გავშეშდი წამით,
სხეულმა ისევ დაიწყო თრთოლვა,
..ძილს კი ეძინა სხვაგან იმ ღამით.
ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


Jan 19 2009

სიზმარი

ვიწრო ბილიკზე გლახაკი იჯდა
და ისვენებდა გზის შუაგულში.
სიმართლეს ჰგავდა მისი თვალები,
რომლითაც თითქოს ჩამხედა სულში.

მითხრა: “არ იცი, როდის მოკვდები,
რატომ დადიხარ ასე უშიშრად?
გზას რომ გიმძიმებს შენი ცოდვები,
რა პასუხს ელი ბოლოს უფლისგან?

ჩვენ თვითონ ვირჩევთ, რა გვინდა ქვეყნად.
თავად ღმერთმა მოგცვა ამის ნება.
მაგრამ ვერ შევძლეთ სიმართლის დევნა
და დავივიწყეთ ათივე მცნება.”

მოვტრიალდი და გლახაკს შევხედე,
ვეღარ ვიხსენებ დღეს მე მის სახეს,
შეპასუხება ვეღარ შევბედე,
ვიგრძენი, ცნობდა იგი ჩემს სათქმელს.

მიმზერდა როგორც მსაჯული ერთი,
მე კი მიწაზე ვეძებდი სიტყვებს.
და გამახსენდა მაღალი ღმერთი,
შიშით ავხედე თოვლიან, ცივ მთებს.

მისმა სიტყვებმა შემცვალა წამში,
აღარ გავყევი ბოლომდე იმ გზას.
გადავიხედე ცოდვების ჯამში,
თვალი მოვკარი შავ კუბოს ფიცარს.

შეშინებულმა ჩემი ცოდვებით
ხელით მოვძებნე მკერდზე ხის ჯვარი.
შეშფოთებულმა ცივი გრძნობებით
ცრემლით შევაღე მე ტაძრის კარი.

დამარცხებული დავვარდი მუხლზე,
მაშინ ჩამესმა შენდობის ზარი.
სანთლის წვეთები დამეცა გულზე
და ამომივსო ეჭვების ბზარი..

19.01.09