Aug 16 2010

Co-BullShit-ი (ქობულეთი)

ჰუჰ,

ბლოგი, რამდენი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ, დროებით მიმავიწყდა კიდევაც აქაურობის არსებობა.

არადა, რამდენი რამის დაწერა მინდოდა ხოლმე, მაგრამ თავი ვერ მოვუყარე სიტყვებს, მინდოდა დამეწერა სოფელზე, სადაც 1 კვირა გავატარე, მინდოდა დამეწერა თბილისის ზღვაზე a-little-bit-diss-პოსტი, კიდევ იმდენი რამე მინდოდა დამეწერა, რომ თავიდანვე შემეზარა.

მოკლედ, პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი ერთგულ მკითხველს ჩემი უყურადღებობისთვის, მართალია ინტერნეტთან იშვიათად ვხვდებოდი, მაგრამ ძალიან რომ მომენდომებინა, საშუალებას გამოვძებნიდი დასაწერად, ამიტომაც, მომიტევეთ რომ ჩემი სიზარმაცით ჩემი ნაწერით მიღებული სიამოვნება მოგაკელით.

მოდით ახლა დავანებებ თავს გარდასულ მოვლენებსა და ამბებს და მოგითხრობთ იმას, რაც უახლოესი და ჯერ კიდევ დავიწყებას მიუცემელია.

მოკლედ, ზაფხულის ნაყოფიერმა დასაწყისმა ნაყოფიერადვე გადაინაცვლა ქობულეთში, მას შემდეგ, რაც ჩემი ძმის შემოთავაზებას დავთანხმდი წაყვანის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ მე უმუშევარსა და უზარმაცეს პიროვნებას, აბა რა ფული უნდა მქონოდა? თუმცა, მედლის მეორე მხარეს მოსჩანს სიმპათიური, ხალისიანი, ინტელექტუალური და მეტად სასიამოვნო ადამიანიც, რომელთან ყოფნაც ყველას უხარია. სწორედ ამიტომაც, ჩემი ძმა მომევლინა სპონსორის სახით და თავის მეგობრებთან ერთად ქობულეთის შორეული, არცთუისე საოცნებო ნაპირისაკენ გამაქანა.

ღამის მატარებელში ოთხნი ვიყავით: მე, ჩემი ძმა, თამუნა და თიკო, თუმცა ეს ის  არ არის, რაც თქვენ გგონიათ. ახალგაცნობილებთან საკმაოდ მარტივად შევედი კონტაქტში, ბევრი ვიხალისეთ და ვიცინეთ, თუმცა ეს მაინც არ არის ის, რაც თქვენ გგონიათ.

გამთენიისას ქობულეთში ჩასულებს აზრადაც არ მოგვდიოდა საითკენ უნდა წავსულიყავით, ღამით დასიცხულებსა და უძინარებს, ასევე ჩემი გარეგნობით მონუსხულ თანამეგზურებს ბევრი არაფერი გვაფიქრდებოდა. ამიტომაც პირველივე შემხვედრ ტაქსისტს, რომელიც აღმოჩნდა რომ თურმე “მარშუტკით” ტაქსაობდა, თურმე სომეხი ყოფილა და თურმე ჩასხდომისას 5 ლარს აფასებს და გადმოსხდომისას 10 ლარს.

ბევრი ბოდიალის შემდეგ სადღაც ამოვყავით თავი, ხოლო ცოტა აზრზე მოსვლის, ჭამისა და რამოდენიმე საათიანი გამოძინების შემდეგ, იმასაც მივხვდით, რომ ის ადგილი საერთოდაც არ მოგვწონდა და წამოვედით (ძალიან გთხოვთ ამის დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, მიმძიმს გახსენება).

დაღლილ-დაქანცულებმა ახალი “ხაზეიკა” ვიპოვეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ოთახი დილით ექნებოდა და ღამის ეზოში გათენება შემოგვთავაზა. წამოსვლის სიხარულით აჟიტირებულები, მის წინადადებას დავთანხმდით და კიდევ ერთი ღამის უძილოდ გატარებაზე მოვაწერეთ ხელი.

როგორც იქნა გათენდა და ოთახში შესულები ამოვლაგდით. შემდეგ ზუსტად აღარ მახსოვს როგორ ვითარდებოდა მოვლენები, დროთა განმავლობაში კიდევ 2 გოგონა ჩამოვიდა, 1 მალევე წავიდა, მეორე ბოლომდე შემორჩა ერთგულად, ისე ერთგულად, ძაღლებმა რომ იციან ერთგულება.

დავდიოდით სანაპიროზე, ვჭყუმპალაობდით:

როგორც იქნა, გავსინჯე აჭარული ხაჭაპური, თანაც ორჯერ. თუმცა, როგორც კარგად მოგეხსენებათ ჩემი ადიქტურობა შაურმისადმი, არც ის უნდა გაიკვირვოთ, რომ ნახევრადშეჭმული აჭარულის შაურმად გარდაქმნა მოვახერხე. კერძოდ კი, გვერდების შემოძიძგნის შემდეგ, როდესაც მარტო ძირი რჩება, ავიღე და დავახვიე, ისე, როგორც ეს შაურმას შეეფერებოდა.

1-2-ჯერ მალიბუშიც გავყევი მეგობრებს, 1-2 დღე განმარტოვებაც მოვასწარი, 1-2 დღე კარტის თამაშსა და ლუდის სმაში გავათენე და ა.შ. საერთო ჯამში შეუძლებელია უარყოფიდად შევაფასო, თუმცა პოსტს მაინც ქობულშეთი დავარქვი.

ორიოდე სიტყვით მეზობლებზეც მოგახსენებთ. “ხაზეიკის” საოცრად ვაჟკაცური  ხასიათებით  (ქალი იყო) თავიდანვე მოხიბლულები დავრჩით. მეზობლებიც ხშირად გვახალისებდნენ და გვამხიარულებდნენ, ერთად ვთამაშობდით “ჯოკერს”, ნარდს. ასევე იყო ერთი დღე წუწაობის, რომელიც იმით დაიწყო, რომ ნინომ იდაყვზე 1 ყლუპი წყალი დამასხა, შემდეგ ქვიშიან დაპირისპირებაში გადაიზარდა და მოგვიანებით მთელი სამეზობლო ჩაითრია. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ამსახველი ფაქტები არ მომეპოვება ფირზე აღბეჭდილი, თუმცა 1 სურათი მაინც აღმოვაჩინე, სადაც მეზობელი თორნიკეა გამოსახული. ის მეზობელი, რომელიც არ ერიდებოდა სხვისი მაცივრიდან ხინკლის, საზამთროსა და ჩიყვის წამლის მოპარვას, რომელიც ლიქიორი ეგონა.

აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგად ვაკეთებ მასაჟს, თავისი ეროტიული ელემენტებითაც ხანდახან. მოვახერხე ღამით ზღვაში შესვლა და ასევე წამოსვლის დღეს კარგად გამოთრომა. ყველას გასაოცრად, იმ ღამეს ბევრი ვიცეკვე.

მგონი საკმაოდ დიდი პოსტი გამოვიდა, ბოლომდე მაინც არავინ წაიკითხავს და ამიტომაც შევწყვეტ თხრობას.


May 25 2010

ჩემს სექსუალურ მუზას!

ნუთუ ვერ ხედავ რა მემართება, შენ მე მაგიჟებ!
მანიაკივით ვიქცევი შენთან, მთვარეულს ვგავარ!
გული მერევა, როცა მაგ ცეცხლის მკერდზე მპატიჟებ
მხოლოდ შენ ძალგიძს რომ გამაგიჟო,  ჭკუას გადავალ.

მე შეშლილი ვარ, შიზოფრენიკი, გადარეული,
ყელი გამოგჭრა მინდა და ხანაც სექსი მსურს შენთან.
შენც მანიაკო, ჩემი ვნებების ხარ მზარეული
მოდი ერთხელაც ჩვენი ლტოლვისთვის კოცონი შევქმნათ.

შენ გახრწნილი ხარ, ვნებებს აჰყევი, ღრმად იძირები
მაინც მიზიდავ, მაინც აღმაგზნებ, მაინც ვირევი.
მინდა შენს მკერდზე შემოვაწყო კედის ძირები
მერე თუ გინდა დამკბინე ზურგზე, არ გავინძრევი.

და ის რაღაც, რაც ასე ძალიან მიზიდავს შენში,
ალბათ ისაა, რომ შენც გიჟი ხარ, შენ რჩები ჩემში
როცა გიყურებ, მაგ შენს თვალებში ანგელოზიც ჩანს,
თუ ღრმად ჩაგხედავ, ჭირვეულობის ვხედავ ხალიჩას.

შენ ეშმაკი ხარ ქალად ჩაცმული, მგზნებარე, ავი
მაგრამ მინდიხარ, ჯერ კიდევ არ მომაბეზრე თავი
არ გავხარ კეკლუც, ცანცარა, სულელ, პატარა გოგოს,
რომელმაც იცის და თან არც იცის რა მოიგონოს.

შენ ხარ მელანი ჩემი კალმისა, როცა რამეს ვწერ
როცა ფურცლებით გარშემორტყმული  რითმებს დავეძებ.
შენ რომ წახვიდე, რომ მიმატოვო, ვენებს დავისერ,
შენ ხარ მიზეზი, რომ ვიარსებო, რომ არ დავეცე.

შენ უზრუნველყობ ნათებას ჩემში, ახლოს ხარ სულთან
ჩემთვის მიწა ხარ, ის ჰაერიც ხარ, რომელსაც ვსუნთქავ,
შენ ის სიტყვა ხარ, რომელსაც ვეძებ გრძნობის სათქმელად
შენ შაურმა ხარ, რომელსაც ვერვის მივცემ საჭმელად.


Dec 24 2009

შაურმა

ის, რასაც ბევრი ხვეწნა არ უნდა

და რაც განგებამ ორჯერ გარგუნა

ეს არც მსხალია, არც ქვა, არც ხურმა

პირი გააღე, მოდის შაურმა!

შაურმა

გინახავს როგორ ჭამე ადამიანები შაურმას? ადამიანები ადამიანურად ჭამენ შაურმას, მაგრამ არა მე. მე არ შემიძლია შაურმა შევჭამო ნაზად, მოკრძალებულად, ადამიანურად! არა! ეს ხომ საუკეთესო ქმნილებაა, რაც ადამიანმა ფეკალური ნარჩენების საწარმოებლად გამოიგონა. თუმცა ასე არ უნდა დავწვრილმანდე, თორემ შაურმა შაურმობას დაკარგავს. არც კი ვიცი რა ვთქვა შაურმაზე, ეს ხომ ენითაუწერელი სიამოვნებაა. სიტყვები არ მყოფნის. ვეცდები ძალები მოვიკრიბო და რამე გიამბოთ ამ საოცარი ქმნილების შესახებ. ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი