Jul 7 2010

ჭორი თუ სიმართლე? – დიდი დეპრესია

“რა დაემართა? ამ ბოლო დროს ვეღარაა ხასიათზე..”

“იკაიფე, დავითა აღარ იცინის, ვინ იფიქრებდა”

“რა ჭირს მაგ ბიჭს? მაგრად შეიცვალა”

“როგორც თვითონ ამბობს, გამოცდების ბრალია, მაგრამ ეგ გამოცდებიც მაგრად კიდია..”

“ბლოგზეც აღარ წერს, როგორც თვითონ თქვა, ისვენებს, მაგრამ ამდენი ხანი? დაბრუნდება საერთოდ?”

“ბოლოს როდის დაწერა ლექსი? არც ისე ნიჭიერი ყოფილა, მეტს ველოდი მისგან”

“ეს თავის გადაპარსვა რაღა იყო?”

“მაგარი ზარმაცია, ეგ ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში, ყველაფერი ეზარება, მოტივაცია არ გააჩნია”

“პოტენციალი აქვს, მაგრამ ვერასდროს გამოიყენებს, გასაფლანგადაა განწირული მაგის ნიჭი”

“ან ეს ბოლო პოსტები რას გავს, ძალითაა დაწერილი, ვინ იყო მაგის მუზა? ნუთუ მისი ბრალია?”

“ეგ ვერაფერს მიაღწევს”

“ვერაფერს მიაღწევს”

“ვერაფერს”

….

ესაა, ეს არის ხალხის შეფასება, შეფასება, რომელიც შორიდან დანახულიდან გამომდინარეობს. ერთი შეხედვით, თვალის მოკვრით გამოტანილი დასკვნები, არავინ იხედება შიგნით, ღრმად, სულში. იქნებ მე არ ვუშვებ არავის? შეიძლება, მაგრამ რატომ? ხომ უნდა არსებობდეს მიზეზი? მიზეზიც არსებობს, როგორ არა. ვერ ვგრძნობ, რომ ვინმეს მართლა უნდა ჩემს შიგნით შეხედვა, ჩემი არეკვლა, ჩემი დანახვა, ჩემი აღქმა. არა, ყველაფერი მოვალეობის მოხდის მიზნით ხდება, ნამდვილად რომ აინტერესებდეს ვინმეს, შემოანგრევდა კარს და შემომივარდებოდა სულში, ძალით მომკიდებდა ხელს, ამომათრევდა ჭაობიდან, ზურგზე მომიკიდებდა, ხელში ამიყვანდა, შეუძლებელია ვინმეს ნამდვილად სურდეს ჩემი დახმარება.

ხანდახან მე თვითონ ვიქცევი ისე, თითქოს არაფერი მიჭირს, პირიქით, ძალიან კარგად ვარ, უმაღლესად, ჯადოსნურად, იმდენად თავდაჯერებულად ვიქცევი, მართლა ვიჯერებ ხოლმე, რომ ყველაფერი კარგადაა. არადა ხომ ვიცი, შინაგანად ვკვდები, სადღაც ვეშვები, არადა მეგონა სულ მაღლა წავიდოდი, გავქვავდი, გავშეშდი, განვითარება შევწყვიტე, ადრე უკეთესი ვიყავი, ვუარესდები.

არც ერთი გოგო არ მიჩერდება, 1 თვეც ვერავინ მიძლებს. მეგონა, მათში იყო პრობლემა, მაგრამ ყველაში? ყველა პრობლემატურია? მე ვარ მარტო უნიკალური? არა, ალბათ მე თვითონ ვარ მთავარი პრობლემა. ვდგავარ წვიმაში და ვწუხდები, ვერ ვხდები რომ მაწვიმს, მაგრამ ვწუხდებდი. წვიმა მსიამოვნებს, მაგრამ რომ მაწვიმს ეგ მაწუხებს, წვიმის წვეთების შეხება სასიამოვნოა.

რაღაც შეიცვალა, შიგნით გამოიცვალა, სულში მოხდა გარდატეხა, ვერ ვხსნი, არ ვიცი რა ხდება. არც ერთმა არ ვიცი, სამივემ გავჭედეთ.

არ ვიცი. დახმარება მჭირდება.


Mar 24 2010

რწმენა

რწმენა

ვცხოვრობდი, როგორც უნდა მეცხოვრა
ვანტებდი სანთელს, ღმერთს ვადიდები.
ასე მასწავლეს, უნდა მელოცა
და მეც სიკეთეს გულში ვიდებდი.

ვეხმარებოდი ზოგჯერ უმწეოთ,
გამოშვერილ ხელს ხელით ვათბობდი
და ვნათდებოდი ასე უმზეოდ,
ყინულის გულებს სიტყვით ვადნობდი.

ვგრძნობდი, რომ სხვისთვის კარგი ვიყავი
და მიხაროდა ასე ცხოვრება,
მაგრამ ჩემს თავში ვიპოვე ავიც,
რამაც დამართა აზრს გაორება.

უეცრად სულში რყევა შევიგრძნე,
გამიძლიერდა უაზრო ეჭვი.
დაბრმავებულმა ვეღარ შევიცნე
როგორ ჩამესო ეშმაკის ეშვი.

ადრე თუ სხვების ცუდი მიკვირდა,
თავადვე გავხდი გასაკვირველი
და როცა სხვების ჭირი მიმძიმდა,
ჩემი ცოდვისვე ვიქეც მტვირთველი.

თითქოს ვუხვევდი მართალი გზიდან,
აღარც ტაძრისკენ მიწევდა გული.
ამ დროს კი თურმე მიცქერდნენ ციდან,
მელოდებოდნენ სულგანაბული.

უფრსკრულისაკენ მიმავალ ბილიკს
დაუღლელად და ხალისით ვსდევდი,
და მასზე ნაგებ, უხილავ მახეს
რომ არა რწმენა, – ვერ გამოვლევდი.

მას შემდეგ მივხვდი, მეღმერთს ვუყვარვარ
რადგან მაჩუქა მან მეგობრები,
რომელთა პირით მითხრა უფალმა,
რომ ჩემს წინ იყო დიდი მორევი.

ისევ დავიწყე ფიქრებთან ბრძოლა
და შერცხვენილი გავშეშდი წამით,
სხეულმა ისევ დაიწყო თრთოლვა,
..ძილს კი ეძინა სხვაგან იმ ღამით.
ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


Nov 8 2009

ქართული სული

...

ქართული სული

სანამ ჯერ კიდევ არ ჩაკლულა ქართული სული,
სანამ ჩვენს შორის იბადებიან ქართველი ძმები.
ქართველი ქალის ნაზი მზერისას სანამ ძგერს გული
და სანამ სულში ისევ გვესმის ქართული ხმები.

სანამ მარანში ისევ წურავენ ქართველნი ღვინოს,
სანამ ტაძარში ისევ ინთება წმინდა სანთელი
სანამ ადამის მოდგმას ჰქვია ადამიანი
სანამ წინაპარს ხსოვნით ადგება ცაში ნათელი.

სანამ ქართველნი ისევ ახვევენ მთიულურ ხინკალს
სანამ ტყის გულში ისევ იწვის შამფურზე მწვადი
სანამ ქართველებს ერთმანეთის არ შერცხვენიათ
სანამ სოფლებში ისევ ცხვება ცხელ კეცზე მჭადი.

სანამ ქართულად ისევ ცეკვავენ, ისევ მღერიან
სანამ ქართველნი ისევ ხატავენ ქართულ ნახატებს
სანამ ქართველებს ქართველობა არ მობეზრდებათ
სანამ ჯვარს ვიწერთ და მირონი ისევ სდის ხატებს.

სანამ ცოცხლობენ და მიჰყვებიან ღვთის სახარებას
სანამ ქართველი ისევ იზრდება დედა ენაზე.
სანამ ქართველი ისევ უმღერის შვილს იავნანას
სანამ ქართველი ისევ თამაშობს ქართველს სცენაზე.

სანამ სიცოცხლე ისევ გვიყვარს, ქართულად გვიყვარს
სანამ ქართველებს მოგვენატრება ჩვენი მთა-ბარი
სანამ გავცქერით და სანამ ვხედავთ მწერვალზე მყინვარს
მანამ ირეკებს სამრეკვლოზე ქართულად ზარი.

სანამ მშობელი იამაყებს ქართველი შვილით
სანამ ცივ წყაროს ეწაფებიან დაღლილნი სიცხით
სანამ ქართველი ისევ იხვნეშებს დარდით, წუხილით
სანამ ქართულ სულს კლვავ ადიდებენ ქართულ სიფიცხით.

7.11.09