Jul 7 2010

ჭორი თუ სიმართლე? – დიდი დეპრესია

“რა დაემართა? ამ ბოლო დროს ვეღარაა ხასიათზე..”

“იკაიფე, დავითა აღარ იცინის, ვინ იფიქრებდა”

“რა ჭირს მაგ ბიჭს? მაგრად შეიცვალა”

“როგორც თვითონ ამბობს, გამოცდების ბრალია, მაგრამ ეგ გამოცდებიც მაგრად კიდია..”

“ბლოგზეც აღარ წერს, როგორც თვითონ თქვა, ისვენებს, მაგრამ ამდენი ხანი? დაბრუნდება საერთოდ?”

“ბოლოს როდის დაწერა ლექსი? არც ისე ნიჭიერი ყოფილა, მეტს ველოდი მისგან”

“ეს თავის გადაპარსვა რაღა იყო?”

“მაგარი ზარმაცია, ეგ ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში, ყველაფერი ეზარება, მოტივაცია არ გააჩნია”

“პოტენციალი აქვს, მაგრამ ვერასდროს გამოიყენებს, გასაფლანგადაა განწირული მაგის ნიჭი”

“ან ეს ბოლო პოსტები რას გავს, ძალითაა დაწერილი, ვინ იყო მაგის მუზა? ნუთუ მისი ბრალია?”

“ეგ ვერაფერს მიაღწევს”

“ვერაფერს მიაღწევს”

“ვერაფერს”

….

ესაა, ეს არის ხალხის შეფასება, შეფასება, რომელიც შორიდან დანახულიდან გამომდინარეობს. ერთი შეხედვით, თვალის მოკვრით გამოტანილი დასკვნები, არავინ იხედება შიგნით, ღრმად, სულში. იქნებ მე არ ვუშვებ არავის? შეიძლება, მაგრამ რატომ? ხომ უნდა არსებობდეს მიზეზი? მიზეზიც არსებობს, როგორ არა. ვერ ვგრძნობ, რომ ვინმეს მართლა უნდა ჩემს შიგნით შეხედვა, ჩემი არეკვლა, ჩემი დანახვა, ჩემი აღქმა. არა, ყველაფერი მოვალეობის მოხდის მიზნით ხდება, ნამდვილად რომ აინტერესებდეს ვინმეს, შემოანგრევდა კარს და შემომივარდებოდა სულში, ძალით მომკიდებდა ხელს, ამომათრევდა ჭაობიდან, ზურგზე მომიკიდებდა, ხელში ამიყვანდა, შეუძლებელია ვინმეს ნამდვილად სურდეს ჩემი დახმარება.

ხანდახან მე თვითონ ვიქცევი ისე, თითქოს არაფერი მიჭირს, პირიქით, ძალიან კარგად ვარ, უმაღლესად, ჯადოსნურად, იმდენად თავდაჯერებულად ვიქცევი, მართლა ვიჯერებ ხოლმე, რომ ყველაფერი კარგადაა. არადა ხომ ვიცი, შინაგანად ვკვდები, სადღაც ვეშვები, არადა მეგონა სულ მაღლა წავიდოდი, გავქვავდი, გავშეშდი, განვითარება შევწყვიტე, ადრე უკეთესი ვიყავი, ვუარესდები.

არც ერთი გოგო არ მიჩერდება, 1 თვეც ვერავინ მიძლებს. მეგონა, მათში იყო პრობლემა, მაგრამ ყველაში? ყველა პრობლემატურია? მე ვარ მარტო უნიკალური? არა, ალბათ მე თვითონ ვარ მთავარი პრობლემა. ვდგავარ წვიმაში და ვწუხდები, ვერ ვხდები რომ მაწვიმს, მაგრამ ვწუხდებდი. წვიმა მსიამოვნებს, მაგრამ რომ მაწვიმს ეგ მაწუხებს, წვიმის წვეთების შეხება სასიამოვნოა.

რაღაც შეიცვალა, შიგნით გამოიცვალა, სულში მოხდა გარდატეხა, ვერ ვხსნი, არ ვიცი რა ხდება. არც ერთმა არ ვიცი, სამივემ გავჭედეთ.

არ ვიცი. დახმარება მჭირდება.


Jan 12 2010

გაორება

გაორება

გაორება

-რა დავწერო?

- მე მეკითხები?

- არის აქ კიდევ ვინმე, თუ გასამებაც დამეწყო?

- ვინ უნდა იყოს?  ეგ კითხვა გაკვირვების შედეგი იყო. გამიკვირდა, შენ ხომ ყოველთვის ცდილობდი არ მოგესმინდა შენი “ბოროტი ორეულისთვის”, ახლა კი, რჩევასაც ეკითხები, თანაც პირველს 17 წუთი აკლია, შენ კი დილით 8 საათზე უნდა ადგე..

- მაინტერესებს რა ილექება ჩემს ქვეცნობიერში, მაინტერესებს, ცინიკოსობისა და უგულობის გარდა თუ შევძლებ რამის აღმოჩენას.

- ეს ახლა რატომ გაგახსენდა? ბერად აპირებ აღკვეცას, თუ შეგაშინა რამემ?

- საიდან გამოგაქვს ასეთი დასკვნები? ამის გარკვევას ყოველთვის ვცდილობდი, თან იცი, რომ ღამე ვერ ვიძინებ.

- შენ გგონია, ჩემს გამო გაგირბიან? ყველას მოსწონხარ, მაგრამ სერიოზულად არავინ აღგიქვამს, უბრალოდ ერთობიან შენით, შენ ხომ ყველას ართობ.. და არც კი იცი ამას რატომ აკეთებ! მაინც რატომ, რატომ ცდილობ ყოველთვის სასაცილოდ მოიქცე? არც ისეთი სულელი და ცანცარა ხარ, როგორიც გინდა რომ იყო.

- არ ვიცი, ეგ ბუნებრივად გამომდის, ბავშვობიდან ასე ვარ, ყოველთვის რაიმე სასაცილოს ვეძებ, მერე ჩემეულ ინტერპრეტაციას ვუკეთებ და ამით ვერთობი, სხვებსაც ვახალისებ. არ გახსოვს სკოლა? ყოველ გაკვეთილზე შენიშვნას მაძლევდნენ უაზრო სიცილის გამო.. ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


Jun 3 2009

***

***

მაწუხებს, ვიცი, არ მომასვენებს..

ნახევარ გულში ვერ დაეტევა..

მელანი ფურცელს ისევ ასველებს..

მაისს კი მაინც ვერ დაეწევა..

ფიქრი ქუჩაში, ამინდშიც ფიქრი,
“სანამ ჩამოხვალ, კარგად დაფიქრდი”
ყველაზე ხშირად, ფიქრი თამაშში:
“ორი წაიღო “კაროლ-დამაში”.

სიცილი – ხშირად ჩემი მშველელი,
ხშირად უაზრო, სიცილი სხვისთვის.
ცრემლში ჩაფლული სველი ხელები..
..წყალი დაუსხამს ვიღაცას ხისთვის.

ფიქრი, სიცილი, თამაში, ფიქრი,
მუსიკა, წყალი, ფანქარი, წიგნი..
ფიქრი, სიცილი, თამაში, ტვირთი,
ყველა ასო და ათივე ციფრი.

ღიმილი ტვინით – ესეც ვისწავლეთ,
გულზე აკრული სიჩუმის ლენტი.
ბოლოს მივხვდებით, რისთვის ვიწვალეთ..
..თეთრი გაყიდეს, იყიდეს ცენტი..

გაყიდეს, ანდა სულაც დაკარგეს:
ჩოხა, ხანჯალი, მიწა და ქედი,
მათ სანაცვლოდ კი ძვირად იყიდეს
ზანგის ნაცვამი ტუფლი და კედი.

ჭამა-სმა, ლხინი, შეშლილი ფეხი,
ერთმანეთის ჭმა, მუშტი და წიხლი.
..უთენიიდან ვაზს ყიდის გლეხი,
რომელშიც ვინმე კაპიკს თუ იხდის..

ნათლია ნათლულს არც კი კითხულობს,
სულ დაავიწყდა ფიცი და მრწამსი.
..მოხუცი ყველას მობეზრებია,
მისი ამაგი გამქრალა წამში..

..თამაში, ფიქრი, ნიღაბი, თვალი,
დავიწყებული ფარი და ხმალი..
სიცილი, სიტყვა, წაშლილი კვალი..
ნათამაშები, ნაფიქრი… ქალი..

02.06.09