Jul 22 2010

ბოლო ლექსი

გვესმის მუსიკა, შექმნილი კაცის,
გვიყვარს წიგნები გმირთა შესახებ.
დალევაც გვიყვარს გრეხილი ყანწის,
სანამ სიკვდილის კარებს შევაღებთ.

ნაცნობ ადგილებს ვცვლით უცნობებით,
რათა შევიცნოთ მთელი სამყარო.
ნაპოვნ ყვავილებს ვთვლით უცხო ვნებით,
მერე კი ვცდილობთ შორს გადავყაროთ.

თქვენ ყველას გიყვართ გმირების ცქერა,
მათი დაკრული სიმების ჟღერა.
..ზოგს გაიტაცებს წიგნების წერა,
ღამით ჩაესმის უცნობი ბგერა.

მე აღარ მესმის თქვენი სიმღერა,
მწვერვალზე ასულთ, გიჭირთ დაშვება.
თითქოს მიმწვდარხართ მათ გულის ძგერას,
იქ გიპოვნიათ ლხინი და შვება.

აღარ გიზიდავთ უბრალოება,
უბრალო სიტყვას აღარ თვლით არად.
შორს გისროლიათ უმანკოება,
ვარდის სურნელით გამხდარხართ ავად.

მე ეს არ მიკვირს, რა გამიკვირდეს?
ცხოვრებას ფუჭი ოცნება მართავს.
ჩუმად ვარ, გული რომც ამიყვირდეს
შევეგუები ტყუილ სამართალს.

ისევ გავყვები ბნელ ქუჩებს მარტო,
ისევ ოცნებით შევღებავ აზრებს.
ისევ შემხვდები შენ ცივო მარტო
და შეყვარებას ისევ დამასწრებ.

ლოდინის ქვაზე ჩამომსხდარ ფიფქებს
ისევ შეცვლიან ნუშის ყვავილნი,
ზამთრის სიცივით გათოშილ ფიქრებს
გამოაფხიზლებს კვირტთა კნავილი.

ხან თოვლი მოდის, ხანაც წვიმა წვიმს,
ქუჩაში მაინც ჩანან წყვილები,
მიუყვებიან ზოგჯერ ზღვის ნაპირს,
ჭკნობას ებრძვიან ვით ყვავილები.

არ მესმის თქვენი, მე სხვა ფიქრი მაქვს,
არ მინდა თქვენი ოქროს გალია.
მე ჩემი ტვირთი სადღაც, იქ, მიმაქვს,
რომ ვერ გაგიგეთ, ჩემი ბრალია.

იქნებ ეს ბრალი თქვენც მიგიძღვოდეთ,
ჩაკლული სული გეწვეთ გისერზე.
იქნებ ეგ თვალი თქვენც მიგირბოდეთ
ჩაფლული შუქის მერყევ კიბეზე.

ნანობდეთ იქნებ წარსულ ღამეებს,
ცრემლში ახვევდეთ ტანჯულ გონებას.
აცმაცუნებდეთ მაგ წვრილ ბაგეებს,
ლოცვით ნანობდეთ ძველ მოგონებას.

ან იქნებ ვერც გრძნობთ მხრებზე სიმძიმეს,
სინდისის ქარი არ გიწეწთ გულებს
და ასე ქარგავთ, ხლართავთ სიმ-მძივებს,
სასწორზე იწყობთ ცოდვის აგურებს.

ნუთუ გგონიათ, რამე შეგრჩებათ?
უსამართლობით სიმშვიდეს კარგავთ,
არც ერთი ლუკმა არ შეგერგებათ,
სანამ მინდორზე ხეებს არ დარგავთ.

შემცდარხართ, ყველას მოეთხოვება
პასუხი ყოველ განვლილ ნაბიჯზე,
როცა თავის გზას დაეთხოვება
და აღმოჩნდება სულთა ნადიმზე.

იფიქრეთ, სანამ ფიქრის ძალა გაქვთ,
ვინც ბევრს ინანებს, ის გადარჩება,
ამდენი ტვირთი მხრებით რომ დაგაქვთ..
მოსაცილებლად წამები გრჩებათ.


May 24 2010

სიბერე

მე ამ სიცოცხლის ვერ გამიგია.
სიცოცხლის, ვითომ დღეს რომ ჩემია.
ცოდვების წიგნი ხელთ ამიღია
და ერთი ცოდვა შემომრჩენია.

ვგრძნობ, რომ ოდესმე მასაც ჩავიდენ
და არ მასვენებს ეს ერთი კითხვა,
თუკი ამ წიგნში ვეღარ ჩავიწერ,
რაც სულში ასე ხშირ-ხშირად ითქვა.

ვერ გამიგია, თუ ეს სიცოცხლე
საჩუქრად მერგო ლურჯი ზეციდან,
მაშინ ამდენი რისთვის ვიცოცე
- რომ საჩუქარი ტვირთად მეზიდა.

არ შემძლებოდა ამ დიდი ძღვენის,
როგორც მინდოდა, ისე ხმარება.
ნუთუ ეს ტკბილი და სავსე დღენი
მწარედ და ჩუმად გამეპარება.

არა, არ მინდა, არ მინდა ასე,
არ მინდა მოვკვდე, როცა არ მინდა.
თეთრი თმა-წვერი თუ გავიპარსე,
თუ შემაშინა ცუდმა ამინდმა.

თუკი ვიგრძენი მუხლში სისუსტე
და დამავიწყდა, რაც კი ვაკეთე.
მაშინ ის ქარი რისთვის ვისუნთქე
თუ საბოლოოდ მე ვერ გავკვეთე.

არც ეგ სიბერე არ მისურვია,
რა სანატრელი თეთრი თმებია,
თუკი თავისთვის ვერ მიურვია,
ჩემს სიყვარულს კი ერქვას ბებია.

ვერ შევძლებ, ვერა, დიდხანს სიცოცხლეს,
ალბათ სუსტი ვარ, ამას რომ ვამბობ.
აღარ შემხედავს არც ერთი ქალი,
დაიწუნებენ მოხუცის ამბორს.

როცა ამ სიტყვებს ფურცელზეც კი ვწერ,
მინდა ვიცოდე ჩემი სასჯელიც.
თუ ჯოჯოხეთის ფსკერზე დავიწევ,
მადლი იქნება ეგ სატანჯველიც.

და მაინც, რამდენ ჩემნაირს ვნახავ,
იქ არ იქნება ვინმე ბებერი.
ფიქრის ქვიშაზე თითით მოვხაზავ
როგორ მიბღვერს და მკიცხავს მე ბერი.

ყოველი სტროფი უფრო ამძიმებს
ჩემს სათქმელს, სულს და ჯერ კიდევ შავ თმას.
როგორ გავუძლო ცოდვის ამ მძივებს,
როცა ვიცი, რომ იქ ცეცხლი შთანმთქავს.

არა, სიცოცხლე მაინც ტკბილია,
თუ არ დაბერდი, ბევრ რამეს კარგავ.
როცა შენს განვლილ ცხოვრებას თვალწინ
როგორც ობობა ქსელს, ისე ქარგავ.

მერე რა, თუკი თმა გაგცვენია
და გიკანკალებს მთელი სხეული,
მაშინ ხომ უკვე აღარც გრცხვენია
და სიკვლის ელი ცრემლმორეული.


Apr 27 2010

ნანატრი სიკვდილი

მე რომ შემძლებოდა, შევცვლიდი ფერებს.
ჩემთვის შევიქმნიდი თავიდან ბგერებს.
სულს შევუბერავდი თქვენს დამწვარ ფერფლებს,
სულს მივაბარებდი გამოცდილ ბერებს.

ეს რომ შემძლებოდა, არასდროს მეტირა,
ნეტავ შემძლებოდა სულ ღმერთზე მეფიქრა.
ღამით მერბინა და არ დამეძინა,
თქვენი თვალთმაქცობა წინ გამომეფინა.

არასდროს მინატრია ღრუბლებში მეფრინა,
ან ზღვაში მეცურა შეუსვენებლად.
მართლა გავაფრენდი, რომ არ გამეფრინა,
არ ვქცეულიყავი სიტყვების მშენებლად.

სადღაც წავიკითხე სიტყვა მეგობარზე,
ცხოვრებას ატყუებს ვიღაც ამ სიტყვებით.
ჭახუნის ფონზე რომ თავს დებს მეობაზე
და მერე ჭიქასაც სრესს შავი თითებით.

თავს არ იტყუებს მხოლოდ ვინც მარტოა,
დანარჩენს ყველას ტყუილი ღიღნის.
კითხვაც არ უჩნდება, რატომ მიატოვა,
გონებას ზედმეტად აღარც კი იღლის.

და მერე ითვლის დღეებს და ფიქრებს
და მერე ფიქრობს, რატომ ითვლიდა.
აღარ უყურებს თქვენს მწვანე ფიფქებს,
რომ შესძლებოდა, კიბეს აივლიდა.

და ვიღაც მაინც მოსჩანს აივნიდან,
რატომ შეეშინდა, რატომ დაიბნიდა?
მას აკვირდებიან, უთვლიან ნაბიჯებს
და სიამოვნებას სწორედ ეს ანიჭებთ.

თურმე ისინიც ითვლიდნენ დღეებს
და თან იცინოდნენ, არ რგავდნენ ხეებს.
ერთმანეთს პარავდნენ უბადრუკ იდეებს,
ის კი დაუსხლტება, როცა დროს იხელთებს.

წავა, თავისთვის განაგრძობს წერას,
რომ მოგეწონებათ, უფრო შორს წავა.
ის არ მოისურვებს თქვენს არც ერთ მწვერვალს,
სულს ოქრო-ვერცხლებით არასდროს მოწამლავს.

კვლავ გაეცინება სიტყვა მეგობარზე,
უსუსურ ხალხთა შექმნილ ეპოქაზე,
ისევ იხალისებს თქვენს ცრუ მეობაზე,
დაცინვით გაიშვერს ხელს თქვენს მხნეობაზე.

გვირგვინსაც დაიდგამს თავისთვის თავზე,
ღმერთსაც გააგონებს ხმამაღალ სიცილს.
რაღაცას წაიკითხავს დაორთქლილ ცაზე
და დაიფიცებს, რომ აღარ სწამს ფიცის.

და მერე მოვა ნანატრი სიკვდილი,
ტკივილი, ტირილი, ჩურჩულით ყვირილი.
ვერავინ იპოვის მის სულში ნალექებს,
როცა იხილავენ მის ფრაზებს, ნალექსებს.

და ვიღაც იტყვის – სულელი ყოფილა,
გიჟი იყოო – აყვება მეორე,
მისი და ჩვენი გზები როგორ გაყოფილა,
მისი ბოლო სიტყვა კვლავ გაიმეორე.

“ნანატრი სიკვდილი” – მაინც ვერ გაუძლო,
მაგრამ შეძლო და შეცვალა ფერები.
სწორედ რომ სიკვდილი გააფერადა,
თავიდან შეიქმნა თავისთვის ბგერები.


Mar 24 2010

რწმენა

რწმენა

ვცხოვრობდი, როგორც უნდა მეცხოვრა
ვანტებდი სანთელს, ღმერთს ვადიდები.
ასე მასწავლეს, უნდა მელოცა
და მეც სიკეთეს გულში ვიდებდი.

ვეხმარებოდი ზოგჯერ უმწეოთ,
გამოშვერილ ხელს ხელით ვათბობდი
და ვნათდებოდი ასე უმზეოდ,
ყინულის გულებს სიტყვით ვადნობდი.

ვგრძნობდი, რომ სხვისთვის კარგი ვიყავი
და მიხაროდა ასე ცხოვრება,
მაგრამ ჩემს თავში ვიპოვე ავიც,
რამაც დამართა აზრს გაორება.

უეცრად სულში რყევა შევიგრძნე,
გამიძლიერდა უაზრო ეჭვი.
დაბრმავებულმა ვეღარ შევიცნე
როგორ ჩამესო ეშმაკის ეშვი.

ადრე თუ სხვების ცუდი მიკვირდა,
თავადვე გავხდი გასაკვირველი
და როცა სხვების ჭირი მიმძიმდა,
ჩემი ცოდვისვე ვიქეც მტვირთველი.

თითქოს ვუხვევდი მართალი გზიდან,
აღარც ტაძრისკენ მიწევდა გული.
ამ დროს კი თურმე მიცქერდნენ ციდან,
მელოდებოდნენ სულგანაბული.

უფრსკრულისაკენ მიმავალ ბილიკს
დაუღლელად და ხალისით ვსდევდი,
და მასზე ნაგებ, უხილავ მახეს
რომ არა რწმენა, – ვერ გამოვლევდი.

მას შემდეგ მივხვდი, მეღმერთს ვუყვარვარ
რადგან მაჩუქა მან მეგობრები,
რომელთა პირით მითხრა უფალმა,
რომ ჩემს წინ იყო დიდი მორევი.

ისევ დავიწყე ფიქრებთან ბრძოლა
და შერცხვენილი გავშეშდი წამით,
სხეულმა ისევ დაიწყო თრთოლვა,
..ძილს კი ეძინა სხვაგან იმ ღამით.
ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


Jan 21 2010

შემთხვევა

unfortunate-incidentშემთხვევა..

შემთხვევითობა..

უბედური შემთხვევა, გაუთვალისწინებელი მოვლენა; შემთხვევით გაცნობილი სიყვარული; შემთხვევით დაღუპული ადამიანები.

უამრავი რამ შემთხვევით ხდება. შემთხვევებს შეუძლიათ ადამიანის ცხოვრების სამუდამოდ შეცვლა ან სამუდამოდ შეჩერება. რატომ ხდება უბედური შემთხვევები? რატომ ხდება ის, რაც არ არის გათვალისწინებული, რაც შეიძლება აზრადაც არ მოუვიდეს ადამიანს, რაზეც არასდროს გვიფიქრია? შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული. რატომ? რა განაპირობებს მათ? უცნაური და დასაფიქრებელი საკითხია.

სახარება გვასწავლის, რომ ყოველი დღე ისე უნდა გავატაროთ, თითქოს უკანასკნელი იყოს. ღმერთი გვაფრთხილებს, რომ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის. ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


Oct 24 2009

არეული პოსტი

...

რა მოხდებოდა თუ ხვალ მე აღარ ვიქნებოდი?
შენთვის რა იქნებოდა ეს? მწუხარების მიზეზი? ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ცუდი შეგრძნება? ტრაგედია? სტატისტიკა? უბედური შემთხვევა? უსამართლობა? მოულოდნელობა? დაუჯერებელი ფაქტი? სასჯელი? იქნებ რამეც დაგრჩენოდა სანანებელი.

და მაინც, არ გიფიქრია ამაზე? არ გიფიქრია რას შეცვლიდა შენში უჩემობა? თუ გიფიქრია და შეგშინებია? თუ გიფიქრია და ფიქრი შეგიწყვიტყავს? თუ გიფიქრია და თავი დაგიმშვიდებია? თუ გიფიქრია მაგრამ რეალურად ვერ აღიქვამდი?

უცნაურია. უცნაურია ყველაფერი, რაც იშვიათად ხდება. იშვიათობებს კი ზოგი საერთოდ არ თვლის ალბათობად. უფრო ზუსტად, ის რაც იშვიათად ხდება, ხშირად გამორიცხავს ხოლმე ხალხი მის მოხდენას. იშვიათობებს კი, კიდევ უფრო იშვიათად ვხვდებით მომზადებულები. სწორედ ეს არის პანიკის, აფექტის და მათნაირთა გამომწვევი მიზეზი. რაც ერთხელ უკვე მოხდა, უფრო ადვილი შესაგუებელია მეორედ, შედარებით ადვილი. შესაბამისად, რაც ერთხელ უკვე გავიაზრეთ და წარმოვიდგინეთ,  უფრო ადვილი გადასატანი იქნება რეალობაში. ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


Sep 12 2009

კვალი

კვალი

დაღამდა, დარჩა მხოლოდ ფიქრები

გამოიცალა ღვინის ჭიქები

მტვერში ჩამოსხდნენ ძველი გმირები

ხვალიდან თქვენთან აღარ ვიქნები..

ხვალ ერთხელ გლოვის ჩამოკრავს ზარი
და ატირდებით მდუღარე ცრემლით,
ზეგ გაიღება სამსჯავროს კარი
და ზღვაში შევალ უაფრო გემით.

სამი დღის მერე წვიმა წამოვა,
საფლავის ქვასთან ჩააქრობს სანთელს.
ცივი წვეთები ჩემთან ჩამოვა
გულის ნარჩენთან გაათევს ღამეს .

ერთი თვის მერე ჩიტი გაიფრენს,
ბუნებაც თეთრად დათესავს კვირტებს,
გლოვის დღეები მალე გაირბენს
ზღვა კი აღელვებს უსაზღვრო ზვირთებს.

მერე ვიღაცას გაეცინება
დაავიწყდება გლოვის დღეები,
მაგრამ შენ ცრემლი გაგეყინება
საფლავში ჩაფლულს მომეფერები.

ერთი წლის შემდეგ შენც დამივიწყებ
აღარ გექნება დრო მკვდარზე ფიქრის,
დილით ღიმილით რომ გაიღვიძებ
გადაივიწყებ შავ კუბოს, ფიცრის.

და წლების მერე ფოთლების ნავში
ჩაიცუცქება ვიღაც ფიქრებში,
ათასი აზრი მოუვა თავში
რაც კი უკითხავს მამის წიგნებში.

ქაღალდს გადაშლის, კალამს აიღებს
ცას ახედავს და ჯვარს გადაიწერს,
შორიდან ნასმენს ცოცხლად გაიგებს
და მთელი გრძნობით წერას დაიწყებს.

დაწერს და მერე დაარქმევს სახელს
წარსულ მორევში გადაეშვება,
მამის საფლავთან
გაახელს თვალებს
და მისი გზები გადაეშლება..

11.09.09