Jul 22 2010

ბოლო ლექსი

გვესმის მუსიკა, შექმნილი კაცის,
გვიყვარს წიგნები გმირთა შესახებ.
დალევაც გვიყვარს გრეხილი ყანწის,
სანამ სიკვდილის კარებს შევაღებთ.

ნაცნობ ადგილებს ვცვლით უცნობებით,
რათა შევიცნოთ მთელი სამყარო.
ნაპოვნ ყვავილებს ვთვლით უცხო ვნებით,
მერე კი ვცდილობთ შორს გადავყაროთ.

თქვენ ყველას გიყვართ გმირების ცქერა,
მათი დაკრული სიმების ჟღერა.
..ზოგს გაიტაცებს წიგნების წერა,
ღამით ჩაესმის უცნობი ბგერა.

მე აღარ მესმის თქვენი სიმღერა,
მწვერვალზე ასულთ, გიჭირთ დაშვება.
თითქოს მიმწვდარხართ მათ გულის ძგერას,
იქ გიპოვნიათ ლხინი და შვება.

აღარ გიზიდავთ უბრალოება,
უბრალო სიტყვას აღარ თვლით არად.
შორს გისროლიათ უმანკოება,
ვარდის სურნელით გამხდარხართ ავად.

მე ეს არ მიკვირს, რა გამიკვირდეს?
ცხოვრებას ფუჭი ოცნება მართავს.
ჩუმად ვარ, გული რომც ამიყვირდეს
შევეგუები ტყუილ სამართალს.

ისევ გავყვები ბნელ ქუჩებს მარტო,
ისევ ოცნებით შევღებავ აზრებს.
ისევ შემხვდები შენ ცივო მარტო
და შეყვარებას ისევ დამასწრებ.

ლოდინის ქვაზე ჩამომსხდარ ფიფქებს
ისევ შეცვლიან ნუშის ყვავილნი,
ზამთრის სიცივით გათოშილ ფიქრებს
გამოაფხიზლებს კვირტთა კნავილი.

ხან თოვლი მოდის, ხანაც წვიმა წვიმს,
ქუჩაში მაინც ჩანან წყვილები,
მიუყვებიან ზოგჯერ ზღვის ნაპირს,
ჭკნობას ებრძვიან ვით ყვავილები.

არ მესმის თქვენი, მე სხვა ფიქრი მაქვს,
არ მინდა თქვენი ოქროს გალია.
მე ჩემი ტვირთი სადღაც, იქ, მიმაქვს,
რომ ვერ გაგიგეთ, ჩემი ბრალია.

იქნებ ეს ბრალი თქვენც მიგიძღვოდეთ,
ჩაკლული სული გეწვეთ გისერზე.
იქნებ ეგ თვალი თქვენც მიგირბოდეთ
ჩაფლული შუქის მერყევ კიბეზე.

ნანობდეთ იქნებ წარსულ ღამეებს,
ცრემლში ახვევდეთ ტანჯულ გონებას.
აცმაცუნებდეთ მაგ წვრილ ბაგეებს,
ლოცვით ნანობდეთ ძველ მოგონებას.

ან იქნებ ვერც გრძნობთ მხრებზე სიმძიმეს,
სინდისის ქარი არ გიწეწთ გულებს
და ასე ქარგავთ, ხლართავთ სიმ-მძივებს,
სასწორზე იწყობთ ცოდვის აგურებს.

ნუთუ გგონიათ, რამე შეგრჩებათ?
უსამართლობით სიმშვიდეს კარგავთ,
არც ერთი ლუკმა არ შეგერგებათ,
სანამ მინდორზე ხეებს არ დარგავთ.

შემცდარხართ, ყველას მოეთხოვება
პასუხი ყოველ განვლილ ნაბიჯზე,
როცა თავის გზას დაეთხოვება
და აღმოჩნდება სულთა ნადიმზე.

იფიქრეთ, სანამ ფიქრის ძალა გაქვთ,
ვინც ბევრს ინანებს, ის გადარჩება,
ამდენი ტვირთი მხრებით რომ დაგაქვთ..
მოსაცილებლად წამები გრჩებათ.


Apr 27 2010

ნანატრი სიკვდილი

მე რომ შემძლებოდა, შევცვლიდი ფერებს.
ჩემთვის შევიქმნიდი თავიდან ბგერებს.
სულს შევუბერავდი თქვენს დამწვარ ფერფლებს,
სულს მივაბარებდი გამოცდილ ბერებს.

ეს რომ შემძლებოდა, არასდროს მეტირა,
ნეტავ შემძლებოდა სულ ღმერთზე მეფიქრა.
ღამით მერბინა და არ დამეძინა,
თქვენი თვალთმაქცობა წინ გამომეფინა.

არასდროს მინატრია ღრუბლებში მეფრინა,
ან ზღვაში მეცურა შეუსვენებლად.
მართლა გავაფრენდი, რომ არ გამეფრინა,
არ ვქცეულიყავი სიტყვების მშენებლად.

სადღაც წავიკითხე სიტყვა მეგობარზე,
ცხოვრებას ატყუებს ვიღაც ამ სიტყვებით.
ჭახუნის ფონზე რომ თავს დებს მეობაზე
და მერე ჭიქასაც სრესს შავი თითებით.

თავს არ იტყუებს მხოლოდ ვინც მარტოა,
დანარჩენს ყველას ტყუილი ღიღნის.
კითხვაც არ უჩნდება, რატომ მიატოვა,
გონებას ზედმეტად აღარც კი იღლის.

და მერე ითვლის დღეებს და ფიქრებს
და მერე ფიქრობს, რატომ ითვლიდა.
აღარ უყურებს თქვენს მწვანე ფიფქებს,
რომ შესძლებოდა, კიბეს აივლიდა.

და ვიღაც მაინც მოსჩანს აივნიდან,
რატომ შეეშინდა, რატომ დაიბნიდა?
მას აკვირდებიან, უთვლიან ნაბიჯებს
და სიამოვნებას სწორედ ეს ანიჭებთ.

თურმე ისინიც ითვლიდნენ დღეებს
და თან იცინოდნენ, არ რგავდნენ ხეებს.
ერთმანეთს პარავდნენ უბადრუკ იდეებს,
ის კი დაუსხლტება, როცა დროს იხელთებს.

წავა, თავისთვის განაგრძობს წერას,
რომ მოგეწონებათ, უფრო შორს წავა.
ის არ მოისურვებს თქვენს არც ერთ მწვერვალს,
სულს ოქრო-ვერცხლებით არასდროს მოწამლავს.

კვლავ გაეცინება სიტყვა მეგობარზე,
უსუსურ ხალხთა შექმნილ ეპოქაზე,
ისევ იხალისებს თქვენს ცრუ მეობაზე,
დაცინვით გაიშვერს ხელს თქვენს მხნეობაზე.

გვირგვინსაც დაიდგამს თავისთვის თავზე,
ღმერთსაც გააგონებს ხმამაღალ სიცილს.
რაღაცას წაიკითხავს დაორთქლილ ცაზე
და დაიფიცებს, რომ აღარ სწამს ფიცის.

და მერე მოვა ნანატრი სიკვდილი,
ტკივილი, ტირილი, ჩურჩულით ყვირილი.
ვერავინ იპოვის მის სულში ნალექებს,
როცა იხილავენ მის ფრაზებს, ნალექსებს.

და ვიღაც იტყვის – სულელი ყოფილა,
გიჟი იყოო – აყვება მეორე,
მისი და ჩვენი გზები როგორ გაყოფილა,
მისი ბოლო სიტყვა კვლავ გაიმეორე.

“ნანატრი სიკვდილი” – მაინც ვერ გაუძლო,
მაგრამ შეძლო და შეცვალა ფერები.
სწორედ რომ სიკვდილი გააფერადა,
თავიდან შეიქმნა თავისთვის ბგერები.


Jul 17 2009

მარტოსული

მარტოსული

მარტოსული

წუხელ სარკმელთან დავანთე სანთელი,
შენი აივნიდან არ ჩანდა ნათელი;
დღეს კი გაგორდა ისევ კამათელი
- კვამლში დაილექა უსახო ნაღველი.

სარკეშიც აღარ ჩანს ბავშვური სილაღე,
აღარც სხვა ბავშვების ქათათა ხელები.
იმ წვიმის წვეთებიც დამდნარა სილაზე,
სურათზეც მუქად ელვარებს
ფერები.

ბილიკიც კიდევ უფრო მეტად დაწვრილდა,
წითელ ვარდებსაც ემატათ ეკლები.
აგვისტოც მოირთო შავი სამოსელით;
სამ დღესაც ვერ ძლებენ
თეთრი პეპლები.

ერთი სამართალი ბევრ ტყუილს შეაკვდა,
ერთი სწორი ხაზიც მოხარეს რკალებმა,
ხიდან ამოზრდილი რტო ხესვე შეახმა
ეს ხეც ვერ შენიშნეს ლამაზმა ქალებმა.

ვერც კაცმა შენიშნა მისი გული, წმინდა
მტრედსაც არ აფრთხობდა ახლო ნაბიჯებით,
ქარიც მასთან ქროდა, წვიმაც მას აწვიმდა
უყვარდა მთელი გრძნობით, უყვარდა გაგიჟებით.

სიგიჟეთ შერაცხეს მისი წრფელი ფიცი,
მისი ტკბილი სიტყვა არც კი მოისმინეს.
ფოთლისფრად უელავდა მხოლოდ ერთი ფიქრი
.. და მისი სიკარგე ვეღარ მოითმინეს..

..უმისოდ ისევ დამუნჯდნენ კლდეები,
გამოანათეს ბრჭყვიალა ეშვებმა.
სიცოცხლის კითხვაში გალია დღეები,
რომლებიც ვერც კი შენიშნეს ლეშებმა.

17.07.09