Co-BullShit-ი (ქობულეთი)
ჰუჰ,
ბლოგი, რამდენი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ, დროებით მიმავიწყდა კიდევაც აქაურობის არსებობა.
არადა, რამდენი რამის დაწერა მინდოდა ხოლმე, მაგრამ თავი ვერ მოვუყარე სიტყვებს, მინდოდა დამეწერა სოფელზე, სადაც 1 კვირა გავატარე, მინდოდა დამეწერა თბილისის ზღვაზე a-little-bit-diss-პოსტი, კიდევ იმდენი რამე მინდოდა დამეწერა, რომ თავიდანვე შემეზარა.
მოკლედ, პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი ერთგულ მკითხველს ჩემი უყურადღებობისთვის, მართალია ინტერნეტთან იშვიათად ვხვდებოდი, მაგრამ ძალიან რომ მომენდომებინა, საშუალებას გამოვძებნიდი დასაწერად, ამიტომაც, მომიტევეთ რომ ჩემი სიზარმაცით ჩემი ნაწერით მიღებული სიამოვნება მოგაკელით.
მოდით ახლა დავანებებ თავს გარდასულ მოვლენებსა და ამბებს და მოგითხრობთ იმას, რაც უახლოესი და ჯერ კიდევ დავიწყებას მიუცემელია.

მოკლედ, ზაფხულის ნაყოფიერმა დასაწყისმა ნაყოფიერადვე გადაინაცვლა ქობულეთში, მას შემდეგ, რაც ჩემი ძმის შემოთავაზებას დავთანხმდი წაყვანის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ მე უმუშევარსა და უზარმაცეს პიროვნებას, აბა რა ფული უნდა მქონოდა? თუმცა, მედლის მეორე მხარეს მოსჩანს სიმპათიური, ხალისიანი, ინტელექტუალური და მეტად სასიამოვნო ადამიანიც, რომელთან ყოფნაც ყველას უხარია. სწორედ ამიტომაც, ჩემი ძმა მომევლინა სპონსორის სახით და თავის მეგობრებთან ერთად ქობულეთის შორეული, არცთუისე საოცნებო ნაპირისაკენ გამაქანა.
ღამის მატარებელში ოთხნი ვიყავით: მე, ჩემი ძმა, თამუნა და თიკო, თუმცა ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. ახალგაცნობილებთან საკმაოდ მარტივად შევედი კონტაქტში, ბევრი ვიხალისეთ და ვიცინეთ, თუმცა ეს მაინც არ არის ის, რაც თქვენ გგონიათ.
გამთენიისას ქობულეთში ჩასულებს აზრადაც არ მოგვდიოდა საითკენ უნდა წავსულიყავით, ღამით დასიცხულებსა და უძინარებს, ასევე ჩემი გარეგნობით მონუსხულ თანამეგზურებს ბევრი არაფერი გვაფიქრდებოდა. ამიტომაც პირველივე შემხვედრ ტაქსისტს, რომელიც აღმოჩნდა რომ თურმე “მარშუტკით” ტაქსაობდა, თურმე სომეხი ყოფილა და თურმე ჩასხდომისას 5 ლარს აფასებს და გადმოსხდომისას 10 ლარს.
ბევრი ბოდიალის შემდეგ სადღაც ამოვყავით თავი, ხოლო ცოტა აზრზე მოსვლის, ჭამისა და რამოდენიმე საათიანი გამოძინების შემდეგ, იმასაც მივხვდით, რომ ის ადგილი საერთოდაც არ მოგვწონდა და წამოვედით (ძალიან გთხოვთ ამის დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, მიმძიმს გახსენება).
დაღლილ-დაქანცულებმა ახალი “ხაზეიკა” ვიპოვეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ოთახი დილით ექნებოდა და ღამის ეზოში გათენება შემოგვთავაზა. წამოსვლის სიხარულით აჟიტირებულები, მის წინადადებას დავთანხმდით და კიდევ ერთი ღამის უძილოდ გატარებაზე მოვაწერეთ ხელი.
როგორც იქნა გათენდა და ოთახში შესულები ამოვლაგდით. შემდეგ ზუსტად აღარ მახსოვს როგორ ვითარდებოდა მოვლენები, დროთა განმავლობაში კიდევ 2 გოგონა ჩამოვიდა, 1 მალევე წავიდა, მეორე ბოლომდე შემორჩა ერთგულად, ისე ერთგულად, ძაღლებმა რომ იციან ერთგულება.
დავდიოდით სანაპიროზე, ვჭყუმპალაობდით:




როგორც იქნა, გავსინჯე აჭარული ხაჭაპური, თანაც ორჯერ. თუმცა, როგორც კარგად მოგეხსენებათ ჩემი ადიქტურობა შაურმისადმი, არც ის უნდა გაიკვირვოთ, რომ ნახევრადშეჭმული აჭარულის შაურმად გარდაქმნა მოვახერხე. კერძოდ კი, გვერდების შემოძიძგნის შემდეგ, როდესაც მარტო ძირი რჩება, ავიღე და დავახვიე, ისე, როგორც ეს შაურმას შეეფერებოდა.
1-2-ჯერ მალიბუშიც გავყევი მეგობრებს, 1-2 დღე განმარტოვებაც მოვასწარი, 1-2 დღე კარტის თამაშსა და ლუდის სმაში გავათენე და ა.შ. საერთო ჯამში შეუძლებელია უარყოფიდად შევაფასო, თუმცა პოსტს მაინც ქობულშეთი დავარქვი.

ორიოდე სიტყვით მეზობლებზეც მოგახსენებთ. “ხაზეიკის” საოცრად ვაჟკაცური ხასიათებით (ქალი იყო) თავიდანვე მოხიბლულები დავრჩით. მეზობლებიც ხშირად გვახალისებდნენ და გვამხიარულებდნენ, ერთად ვთამაშობდით “ჯოკერს”, ნარდს. ასევე იყო ერთი დღე წუწაობის, რომელიც იმით დაიწყო, რომ ნინომ იდაყვზე 1 ყლუპი წყალი დამასხა, შემდეგ ქვიშიან დაპირისპირებაში გადაიზარდა და მოგვიანებით მთელი სამეზობლო ჩაითრია. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ამსახველი ფაქტები არ მომეპოვება ფირზე აღბეჭდილი, თუმცა 1 სურათი მაინც აღმოვაჩინე, სადაც მეზობელი თორნიკეა გამოსახული. ის მეზობელი, რომელიც არ ერიდებოდა სხვისი მაცივრიდან ხინკლის, საზამთროსა და ჩიყვის წამლის მოპარვას, რომელიც ლიქიორი ეგონა.

აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგად ვაკეთებ მასაჟს, თავისი ეროტიული ელემენტებითაც ხანდახან. მოვახერხე ღამით ზღვაში შესვლა და ასევე წამოსვლის დღეს კარგად გამოთრომა. ყველას გასაოცრად, იმ ღამეს ბევრი ვიცეკვე.

მგონი საკმაოდ დიდი პოსტი გამოვიდა, ბოლომდე მაინც არავინ წაიკითხავს და ამიტომაც შევწყვეტ თხრობას.











