გზაჯვარედინი
ქართული მხატვრული ბლოგი გთავაზობთ პირველ მხატვრულ რომანს, სახელწოდებით “გზაჯვარედინი”. რომანი ორი ადამიანის ცხოვრების წამიერ გადაკვეთას ასახავს და მოგვითხრობს, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ორი ადამიანის ცხოვრებაში მანამ, სანამ ისინი ერთმანეთს გაიცნობენ და მერე..
ანი თავის “ჩუტყვავილებით” მორთულ ლეპტოპს მისჯდომოდა და ყურადღებას არ აქცევდა დაორთქლილ ფანჯრებს მიღმა სუიციდური თავგანწირულობით მიწისაკენ მიმავალ ფიფქებს. ფიფქებს, რომელთაც დარწმუნებით გადაეწყვიტათ ღრუბლებს განშორებოდნენ.. განშორებოდნენ ნაანდერძევ სიმაღლეს და მიწაზე დანარცხებულიყვნენ, სადაც მტვრიანი ფეხსაცმლის ძირები გაფლანგავდნენ მათ ნაჩუქარ სისპეტაკეს, თანაც, არც დროებითი განწმენდა უშველიდათ და ისევ აეკრობოდათ ძირებზე ჭუჭყი. ფიფქებს ალბათ გაგონილი ექნებოდათ, რაც მოელოდათ მიწაზე, ან შეიძლება არც კი სცოდნოდათ და მათი საქციელი სულის სიღმიდან ამონაკივლი თავგანწირული პროტესტიც კი ყოფილიყო.. მაგრამ, თვალების გახელა ხომ ქუთუთოების აწევაზე გაცილებით მეტია და ცოტას თუ აქვს ეს გაცნობიერებული. ანი ერთიშეხედვით ლაღი, თავისუფალი და ცოტათი თავქარიანი გოგონა იყო, მისი თვალები იმ ცის ფერის ფერი იყო, რომელსაც წუთის წინ ფიფქები რიგ-რიგობით სწყდებოდნენ..
..არც ლაშას მიუქცევია ყურადღება ფიფქების ერთიან, ერთ მუშტად შეკრულ თავგანწირვაზე, ალბათ მაშინ არც კი იცოდა, რომ იმ ღამეს ცაში არც ერთი ფიფქი არ დარჩენილა.. ლაშა არ იყო ცუდი ბიჭი, პირიქით, იშვიათი გულკეთილობით გამოირჩეოდა, არ შეეძლო ვინმესთვის ეღალატა, მოეტყუებინა ან უსამართლოდ მოქცეოდა. ერთი ის იყო, რომ ყოველთვის ცდილობდა რაიმე სასაცილო მოემოქმედებინა, გამუდმებით ათას სისულელეს იგონებდა და ყველას ამხიარულებდა. არავის არასოდეს მოიწყენდა და არც სხვას მოაწყენდა. მაშინ 16 წლის იყო და არც ფიქრობდა სხვა რამის გაკეთებაც თუ შეეძლო. საათობით იდგა სარკესთან და ცდილობდა ბადე რაც შეიძლებოდა შორს გადაეგდო მიმიკების ზღვაში. ლაშა გოგოებსაც მოსწონდათ და არც უმალავდნენ, თუმცა მაინც უხერხულობას გრძნობდა მათთან, არ იცოდა რა ეკეთებინა, სინამდვილეში კი, რასაც აკეთებდა, კარგად გამოსდიოდა და ხშირად მის ქცევებს გოგონების ხანგრძლივი კისკისიც მოჰყვებოდა ხოლმე, თუმცა თვითონ გამუდმებით უკმაყოფილო იყო საკუთარი თავის და როდესაც სახლში ბრუნდებოდა, უამრავი აზრი მოუვიდოდა ხოლმე თავში, რისი გაკეთებაც უკვე განვლილ მომენტში უკეთესად წარმოედგინა და ნანობდა, მაშინვე რატომ არ მოაფიქრდა. ლაშა თვლიდა, რომ გოგოების სიმპათია მისი სულელურად სასაცილო ქცევების ერთჯერადი შედეგი იყო და მასთან სერიოზულ ურთიერთობას არავინ მოისურვებდა. ვინ იცის, იქნებ მართალიც იყო. ეს უხერხულობა კი კარგა ხანს გაჰყვა..
(გაგრძელება იქნება)


