Jul 22 2010

ბოლო ლექსი

გვესმის მუსიკა, შექმნილი კაცის,
გვიყვარს წიგნები გმირთა შესახებ.
დალევაც გვიყვარს გრეხილი ყანწის,
სანამ სიკვდილის კარებს შევაღებთ.

ნაცნობ ადგილებს ვცვლით უცნობებით,
რათა შევიცნოთ მთელი სამყარო.
ნაპოვნ ყვავილებს ვთვლით უცხო ვნებით,
მერე კი ვცდილობთ შორს გადავყაროთ.

თქვენ ყველას გიყვართ გმირების ცქერა,
მათი დაკრული სიმების ჟღერა.
..ზოგს გაიტაცებს წიგნების წერა,
ღამით ჩაესმის უცნობი ბგერა.

მე აღარ მესმის თქვენი სიმღერა,
მწვერვალზე ასულთ, გიჭირთ დაშვება.
თითქოს მიმწვდარხართ მათ გულის ძგერას,
იქ გიპოვნიათ ლხინი და შვება.

აღარ გიზიდავთ უბრალოება,
უბრალო სიტყვას აღარ თვლით არად.
შორს გისროლიათ უმანკოება,
ვარდის სურნელით გამხდარხართ ავად.

მე ეს არ მიკვირს, რა გამიკვირდეს?
ცხოვრებას ფუჭი ოცნება მართავს.
ჩუმად ვარ, გული რომც ამიყვირდეს
შევეგუები ტყუილ სამართალს.

ისევ გავყვები ბნელ ქუჩებს მარტო,
ისევ ოცნებით შევღებავ აზრებს.
ისევ შემხვდები შენ ცივო მარტო
და შეყვარებას ისევ დამასწრებ.

ლოდინის ქვაზე ჩამომსხდარ ფიფქებს
ისევ შეცვლიან ნუშის ყვავილნი,
ზამთრის სიცივით გათოშილ ფიქრებს
გამოაფხიზლებს კვირტთა კნავილი.

ხან თოვლი მოდის, ხანაც წვიმა წვიმს,
ქუჩაში მაინც ჩანან წყვილები,
მიუყვებიან ზოგჯერ ზღვის ნაპირს,
ჭკნობას ებრძვიან ვით ყვავილები.

არ მესმის თქვენი, მე სხვა ფიქრი მაქვს,
არ მინდა თქვენი ოქროს გალია.
მე ჩემი ტვირთი სადღაც, იქ, მიმაქვს,
რომ ვერ გაგიგეთ, ჩემი ბრალია.

იქნებ ეს ბრალი თქვენც მიგიძღვოდეთ,
ჩაკლული სული გეწვეთ გისერზე.
იქნებ ეგ თვალი თქვენც მიგირბოდეთ
ჩაფლული შუქის მერყევ კიბეზე.

ნანობდეთ იქნებ წარსულ ღამეებს,
ცრემლში ახვევდეთ ტანჯულ გონებას.
აცმაცუნებდეთ მაგ წვრილ ბაგეებს,
ლოცვით ნანობდეთ ძველ მოგონებას.

ან იქნებ ვერც გრძნობთ მხრებზე სიმძიმეს,
სინდისის ქარი არ გიწეწთ გულებს
და ასე ქარგავთ, ხლართავთ სიმ-მძივებს,
სასწორზე იწყობთ ცოდვის აგურებს.

ნუთუ გგონიათ, რამე შეგრჩებათ?
უსამართლობით სიმშვიდეს კარგავთ,
არც ერთი ლუკმა არ შეგერგებათ,
სანამ მინდორზე ხეებს არ დარგავთ.

შემცდარხართ, ყველას მოეთხოვება
პასუხი ყოველ განვლილ ნაბიჯზე,
როცა თავის გზას დაეთხოვება
და აღმოჩნდება სულთა ნადიმზე.

იფიქრეთ, სანამ ფიქრის ძალა გაქვთ,
ვინც ბევრს ინანებს, ის გადარჩება,
ამდენი ტვირთი მხრებით რომ დაგაქვთ..
მოსაცილებლად წამები გრჩებათ.


May 25 2010

ჩემს სექსუალურ მუზას!

ნუთუ ვერ ხედავ რა მემართება, შენ მე მაგიჟებ!
მანიაკივით ვიქცევი შენთან, მთვარეულს ვგავარ!
გული მერევა, როცა მაგ ცეცხლის მკერდზე მპატიჟებ
მხოლოდ შენ ძალგიძს რომ გამაგიჟო,  ჭკუას გადავალ.

მე შეშლილი ვარ, შიზოფრენიკი, გადარეული,
ყელი გამოგჭრა მინდა და ხანაც სექსი მსურს შენთან.
შენც მანიაკო, ჩემი ვნებების ხარ მზარეული
მოდი ერთხელაც ჩვენი ლტოლვისთვის კოცონი შევქმნათ.

შენ გახრწნილი ხარ, ვნებებს აჰყევი, ღრმად იძირები
მაინც მიზიდავ, მაინც აღმაგზნებ, მაინც ვირევი.
მინდა შენს მკერდზე შემოვაწყო კედის ძირები
მერე თუ გინდა დამკბინე ზურგზე, არ გავინძრევი.

და ის რაღაც, რაც ასე ძალიან მიზიდავს შენში,
ალბათ ისაა, რომ შენც გიჟი ხარ, შენ რჩები ჩემში
როცა გიყურებ, მაგ შენს თვალებში ანგელოზიც ჩანს,
თუ ღრმად ჩაგხედავ, ჭირვეულობის ვხედავ ხალიჩას.

შენ ეშმაკი ხარ ქალად ჩაცმული, მგზნებარე, ავი
მაგრამ მინდიხარ, ჯერ კიდევ არ მომაბეზრე თავი
არ გავხარ კეკლუც, ცანცარა, სულელ, პატარა გოგოს,
რომელმაც იცის და თან არც იცის რა მოიგონოს.

შენ ხარ მელანი ჩემი კალმისა, როცა რამეს ვწერ
როცა ფურცლებით გარშემორტყმული  რითმებს დავეძებ.
შენ რომ წახვიდე, რომ მიმატოვო, ვენებს დავისერ,
შენ ხარ მიზეზი, რომ ვიარსებო, რომ არ დავეცე.

შენ უზრუნველყობ ნათებას ჩემში, ახლოს ხარ სულთან
ჩემთვის მიწა ხარ, ის ჰაერიც ხარ, რომელსაც ვსუნთქავ,
შენ ის სიტყვა ხარ, რომელსაც ვეძებ გრძნობის სათქმელად
შენ შაურმა ხარ, რომელსაც ვერვის მივცემ საჭმელად.


May 24 2010

სიბერე

მე ამ სიცოცხლის ვერ გამიგია.
სიცოცხლის, ვითომ დღეს რომ ჩემია.
ცოდვების წიგნი ხელთ ამიღია
და ერთი ცოდვა შემომრჩენია.

ვგრძნობ, რომ ოდესმე მასაც ჩავიდენ
და არ მასვენებს ეს ერთი კითხვა,
თუკი ამ წიგნში ვეღარ ჩავიწერ,
რაც სულში ასე ხშირ-ხშირად ითქვა.

ვერ გამიგია, თუ ეს სიცოცხლე
საჩუქრად მერგო ლურჯი ზეციდან,
მაშინ ამდენი რისთვის ვიცოცე
- რომ საჩუქარი ტვირთად მეზიდა.

არ შემძლებოდა ამ დიდი ძღვენის,
როგორც მინდოდა, ისე ხმარება.
ნუთუ ეს ტკბილი და სავსე დღენი
მწარედ და ჩუმად გამეპარება.

არა, არ მინდა, არ მინდა ასე,
არ მინდა მოვკვდე, როცა არ მინდა.
თეთრი თმა-წვერი თუ გავიპარსე,
თუ შემაშინა ცუდმა ამინდმა.

თუკი ვიგრძენი მუხლში სისუსტე
და დამავიწყდა, რაც კი ვაკეთე.
მაშინ ის ქარი რისთვის ვისუნთქე
თუ საბოლოოდ მე ვერ გავკვეთე.

არც ეგ სიბერე არ მისურვია,
რა სანატრელი თეთრი თმებია,
თუკი თავისთვის ვერ მიურვია,
ჩემს სიყვარულს კი ერქვას ბებია.

ვერ შევძლებ, ვერა, დიდხანს სიცოცხლეს,
ალბათ სუსტი ვარ, ამას რომ ვამბობ.
აღარ შემხედავს არც ერთი ქალი,
დაიწუნებენ მოხუცის ამბორს.

როცა ამ სიტყვებს ფურცელზეც კი ვწერ,
მინდა ვიცოდე ჩემი სასჯელიც.
თუ ჯოჯოხეთის ფსკერზე დავიწევ,
მადლი იქნება ეგ სატანჯველიც.

და მაინც, რამდენ ჩემნაირს ვნახავ,
იქ არ იქნება ვინმე ბებერი.
ფიქრის ქვიშაზე თითით მოვხაზავ
როგორ მიბღვერს და მკიცხავს მე ბერი.

ყოველი სტროფი უფრო ამძიმებს
ჩემს სათქმელს, სულს და ჯერ კიდევ შავ თმას.
როგორ გავუძლო ცოდვის ამ მძივებს,
როცა ვიცი, რომ იქ ცეცხლი შთანმთქავს.

არა, სიცოცხლე მაინც ტკბილია,
თუ არ დაბერდი, ბევრ რამეს კარგავ.
როცა შენს განვლილ ცხოვრებას თვალწინ
როგორც ობობა ქსელს, ისე ქარგავ.

მერე რა, თუკი თმა გაგცვენია
და გიკანკალებს მთელი სხეული,
მაშინ ხომ უკვე აღარც გრცხვენია
და სიკვლის ელი ცრემლმორეული.


May 23 2010

17.04-18.05

17-ში ვნახე პირველად, უცებ
ჩემი ფიქრები ერთად შეიკრა.
აღარ შემეძლო აზრის დაწყობა,
გონება კიდევ ერთხელ შეირყა.

18-ში ფიქრებს ღამით ეღვიძათ,
ვერ პოულობდნენ სხვა რამ საფიქრალს.
ტვინში ქარივით რაღაც შეიჭრა
და მგონი ტვინი სულ მთლად გამიქრა.

როცა მითხრეს, რომ შენზე თქვაო,
მოწონებია ჩემი ნაკვთები,
ორშაბათს იყო, 26 აპრილს,
იმ ღამეს დავრჩი ღამენათევი.

მერე ვცდილობდი სადმე მეპოვნა,
მახსოვდა გვარი იყო მეგრული.
Fეისბუქისთვის უნდა მეთხოვნა
არ დაეწყვიტა მას ჩემთვის გული.

და არც დამწყვიტა, აღმოვაჩინე
ჩემს მეგობრებში იყო მეგობრად.
მე კი ის მათგან გამოვარჩიე,
ფერმაშიც მყავდა მერე მეზობლად.

ასე დავშორდი ნელ-ნელა ნაპირს.
თავიდან წყალიც არ ჩანდა ცივი,
მაგრამ შორს იყო მეორე მხარე,
ვერ მიაღწევდა იქ ჩემი ტივი.

მეორედ ვნახე, არ მახსოვს როდის,
ჩემს ლექციაზე შემოყვა დაქალს.
მერე კი ვხედავ, გარეთ გამოდის
და მაშინ ვამჩნევ ჩემს გულზე ლაქას.

მესამედ ვნახე, მერე მეოთხედ.
აღარც ვითვლიდი უკვე ამ ნახვებს.
მაგრამ ვერ ვგრძნობდი მას ჩემს მეორედ
და გულის ჭრილზე ვიდებდი ნახვევს.

ასე ვცურავდი ზღვის ცივ ტალღებში,
ვერ ვგრძნობდი შვებას, მეორე ნაპირს.
სულ მას ვხედავდი უცხო ქალებში
და ვუმატებდი იმათკენ ნაბიჯს.

13 რიცხვი მოვიდა სხვა თვის.
იმ დღესაც ვნახე, რომ მოიხედა..
..და შეეწერა ტაქსისტს მართვისთვის
მანქანის საჭე ვერ მოიხელთა.

მას შემდეგ ჩემში ლავამ იფეთქა,
- სიცოცხლეს მეტი დაედო ფასი,
თურმე ღმერთისთვის ჩვენი მცდელობა
უსუსურია, ამაო, ფარსი.

და იმ დღის მერე ისევ ვცურავდი,
ისევ მინდოდა ზღვის გადაცურვა
და თან ფიქრებში ზღაპარს ვუკრავდი
ოცნების ქვიშამ რომ გადახურა.

და მაინც ბოლოს დავრჩი შუაში,
ვეღარ ვხედავდი ვეღარც ერთ მხარეს.
ფსკერზე კი იწვა მარტინ იდენი
და იგონებდა გრძნობას მხურვალეს.

და დღესაც ვნახავ, ალბათ ბოლოჯერ,
მერე ნელი სვლით დავიხევ უკან.
ჩემთვის ადრეა ჯერ ფსკერზე წოლა,
ჯერ არ უფეთქავს უმთავრეს ვულკანს.

უკვე ვეჩვევი ჩემს ასეთ ყოფას,
ვერც წარმოვიდგენ ჩემს თავს ბედნიერს.
ალბათ არ შექმნა ღმერთმა ის ქალი,
ვინც დაამშვენებს ჩემს ინტერიერს.

და მაინც, ისევ ისეთი დავრჩი
ისევ ვიცინებ, ისევ დავცინებ.
აღარ ვიცურებ, ჩავჯდები ნავში
და გრძნობებს საშრობ თოკზე დავკიდებ.

დავტკბები წამით, სხვადასხვა ქალით,
მაგრამ არავის მოვუშვებ ახლოს.
ქარი წამიღებს მოტანილს ქარის,
ჩემს გულს რომ ხელი ვერავინ ახლოს.


May 17 2010

ნიკო გომელაურს

დღეს წავიკითხე წიგნი ”რჩეული”,
მისი ავტორი – გომელაური.
ცხოვრება რითმებს არის ჩვეული,
ნიკო, შენ სულთა ხარ მეზღვაური.

ქვეყნად ალბათ შენც იყავ ეული,
გესმოდა ხმები, ზეცის ხმაური.
ამეც გექნება დღით გათეული,
რითმსაც ეტყობა ხმა უცნაური.

შთაგონებაც ხარ დღეს ერთი ბიჭის.
..შენი სახელი დროთა ცას გაჰკვეთს..
პატრონი იყავ უზომო ნიჭის,
შენს ნაწერ ფრაზებს ვერავინ გაცვეთს.

ვერც ლექსს დაწერენ შენზე უკეთესს
და ვერც სცენაზე
იდგება ყველა,
თუკი მიწაზე დიდება გაკლდა,
დიდი პატივი ცაში წაგყვება.

ვიცი, ხედავდი შენც ამ ცხოვრების
დაუღალავად უკუღმართ ტრიალს
და ლექსად წერდი წვეთებს გრძნობების,
არ ანებებდი თავს შორს ხეტიალს.

სიკვდილი მხოლოდ მკვდრებს თუ ამარცხებს,
უკვდავი სულის მხოლოდ მონაა.
მონა, რომელიც დაღლილი გმირის
მხოლოდ მძღოლია, შავი მოლაა.

და მიჰყავს მაღლა, გმირთა ნადიმზე,
სადაც არიან სულ ერთეულნი.
სხედან და ყველას ხელში უჭირავს
გომელაურის წიგნი ”რჩეული”.


Apr 27 2010

ნანატრი სიკვდილი

მე რომ შემძლებოდა, შევცვლიდი ფერებს.
ჩემთვის შევიქმნიდი თავიდან ბგერებს.
სულს შევუბერავდი თქვენს დამწვარ ფერფლებს,
სულს მივაბარებდი გამოცდილ ბერებს.

ეს რომ შემძლებოდა, არასდროს მეტირა,
ნეტავ შემძლებოდა სულ ღმერთზე მეფიქრა.
ღამით მერბინა და არ დამეძინა,
თქვენი თვალთმაქცობა წინ გამომეფინა.

არასდროს მინატრია ღრუბლებში მეფრინა,
ან ზღვაში მეცურა შეუსვენებლად.
მართლა გავაფრენდი, რომ არ გამეფრინა,
არ ვქცეულიყავი სიტყვების მშენებლად.

სადღაც წავიკითხე სიტყვა მეგობარზე,
ცხოვრებას ატყუებს ვიღაც ამ სიტყვებით.
ჭახუნის ფონზე რომ თავს დებს მეობაზე
და მერე ჭიქასაც სრესს შავი თითებით.

თავს არ იტყუებს მხოლოდ ვინც მარტოა,
დანარჩენს ყველას ტყუილი ღიღნის.
კითხვაც არ უჩნდება, რატომ მიატოვა,
გონებას ზედმეტად აღარც კი იღლის.

და მერე ითვლის დღეებს და ფიქრებს
და მერე ფიქრობს, რატომ ითვლიდა.
აღარ უყურებს თქვენს მწვანე ფიფქებს,
რომ შესძლებოდა, კიბეს აივლიდა.

და ვიღაც მაინც მოსჩანს აივნიდან,
რატომ შეეშინდა, რატომ დაიბნიდა?
მას აკვირდებიან, უთვლიან ნაბიჯებს
და სიამოვნებას სწორედ ეს ანიჭებთ.

თურმე ისინიც ითვლიდნენ დღეებს
და თან იცინოდნენ, არ რგავდნენ ხეებს.
ერთმანეთს პარავდნენ უბადრუკ იდეებს,
ის კი დაუსხლტება, როცა დროს იხელთებს.

წავა, თავისთვის განაგრძობს წერას,
რომ მოგეწონებათ, უფრო შორს წავა.
ის არ მოისურვებს თქვენს არც ერთ მწვერვალს,
სულს ოქრო-ვერცხლებით არასდროს მოწამლავს.

კვლავ გაეცინება სიტყვა მეგობარზე,
უსუსურ ხალხთა შექმნილ ეპოქაზე,
ისევ იხალისებს თქვენს ცრუ მეობაზე,
დაცინვით გაიშვერს ხელს თქვენს მხნეობაზე.

გვირგვინსაც დაიდგამს თავისთვის თავზე,
ღმერთსაც გააგონებს ხმამაღალ სიცილს.
რაღაცას წაიკითხავს დაორთქლილ ცაზე
და დაიფიცებს, რომ აღარ სწამს ფიცის.

და მერე მოვა ნანატრი სიკვდილი,
ტკივილი, ტირილი, ჩურჩულით ყვირილი.
ვერავინ იპოვის მის სულში ნალექებს,
როცა იხილავენ მის ფრაზებს, ნალექსებს.

და ვიღაც იტყვის – სულელი ყოფილა,
გიჟი იყოო – აყვება მეორე,
მისი და ჩვენი გზები როგორ გაყოფილა,
მისი ბოლო სიტყვა კვლავ გაიმეორე.

“ნანატრი სიკვდილი” – მაინც ვერ გაუძლო,
მაგრამ შეძლო და შეცვალა ფერები.
სწორედ რომ სიკვდილი გააფერადა,
თავიდან შეიქმნა თავისთვის ბგერები.


Apr 23 2010

პატარა ლექსი

სიტყვის მაგივრად გეტყვი რითმებით,
თუკი გავბედავ ბოლომდე სათქმელს
ქარებს მაგონებს ეგ ხშირი თმები,
შენი თვალები ჰგავს უცხო სასმელს.

თითქოს იღვრება შენგან სინაზე
და მეც ფიქრებმა ფიქრი წამართვა.
..ალბათ შენს სახელს წერენ სილაზე,
მე კი ვერ შევძლე რითმის გამართვა.

სხვები შენ ალბათ ბევრს გიმღერიან,
ან გაღმერთებენ, ან ირევიან.
როცა გხედავენ, არ გიბღვერიან,
ალბათ ისინი არც ილევიან.

ძნელია, როცა მოგწონს ლამაზი
და როცა იცი, რომ მართლა მოგწონს,
ის შენთვის არის ძვირი ალმასი
და შენი ფიქრი მასზე ფიქრს მოგთხოვს.

რა კარგი იყო შენი ყურება,
არ ვიცი რატომ, მართლა არ ვიცი,
ფიქრთან მომინდა შეპასუხება
და უშენობას უკვე განვიცდი.

იმას არ ვამბობ, რომ შემიყვარდი,
არც იმას ვითხოვ, შენც შეგიყვარდე.
.. მე არასოდეს მომირწყავს ვარდი,
ან მე საერთოდ ვინ მანდობს ვარდებს?

სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე
ამ ცხოვრებაში ჩემი მისია:
თურმე ვინც არის ქვეყნად ლამაზი
- ჩემი ლექსებიც მხოლოდ მისია.


Apr 18 2010

ექსპრომტი მტკვრის წინ

ვიცქირები ქუჩისაკენ, აივანზე მდგარი
იქიდან კი თვალ
ს მისწორებს მოდუდუნე მტკვარი.
ოთახიდან სიმის ბგერა მოჩურჩულებს წყნარი.
მე კი კითხვა არ მასვენებს, რატომ არ ვარ მკვდარი?

რატომ მათბობს მზე, ცისკარი
რატომ მესმის ზარი?
რატომ დამრჩა კარი ღია,
საით დავიძარი?

მიკვირს, თურმე ყველაფერი როგორ შევიცანი,
როგორ ეჭვის არ გამიჩნდა მე არცერთი ბზარი.
სიყვარულში გაუბედავს, შემრჩენია ძალი
და გულიდან ამომესმის რითმების ზანზარი.

იცი, უკვე საღამოა, შენ კი ჩემთან არ ხარ.
არც მოუშვი ჩემი სიტყვა შენი სულის სახლთან,
მოისროლე, როგორც ხურდა ძველ ჯიხურის დახლთან,
გამიმეტე და დამტოვე ჩემთვის უცხო ხალხთან.

ღამე ანთებს, ცას ანათებს
შორს ვარსკვლავი მარტო.
მე კი ნამწვებს და ასანთებს
სიტყვა განვუმარტო?

ახლა ვხვდები, მე არ ვცხოვრობ,
იმისთვის, რომ დავტკბე.
არც იმისთვის, რომ შენს თვალებს
ვუყურო და ჩავწვდე.

მე ხომ მხოლოდ სიტყვა მერგო
მოსაყოლი სხვისთვის,
შენი თვალისფერის ფერი
რომ მემღერა ზღვისთვის.

ახლა ისევ ვიცქირები, აივანზე მდგარი,
იქიდან კი თვალს მისწორებს მოდუდუნე მტკვარი.
ოთახიდან ისევ მესმის სიმის ჟღერა წყნარი
და მე ისევ მიხარია, რომ არა ვარ მკვდარი.


Mar 24 2010

რწმენა

რწმენა

ვცხოვრობდი, როგორც უნდა მეცხოვრა
ვანტებდი სანთელს, ღმერთს ვადიდები.
ასე მასწავლეს, უნდა მელოცა
და მეც სიკეთეს გულში ვიდებდი.

ვეხმარებოდი ზოგჯერ უმწეოთ,
გამოშვერილ ხელს ხელით ვათბობდი
და ვნათდებოდი ასე უმზეოდ,
ყინულის გულებს სიტყვით ვადნობდი.

ვგრძნობდი, რომ სხვისთვის კარგი ვიყავი
და მიხაროდა ასე ცხოვრება,
მაგრამ ჩემს თავში ვიპოვე ავიც,
რამაც დამართა აზრს გაორება.

უეცრად სულში რყევა შევიგრძნე,
გამიძლიერდა უაზრო ეჭვი.
დაბრმავებულმა ვეღარ შევიცნე
როგორ ჩამესო ეშმაკის ეშვი.

ადრე თუ სხვების ცუდი მიკვირდა,
თავადვე გავხდი გასაკვირველი
და როცა სხვების ჭირი მიმძიმდა,
ჩემი ცოდვისვე ვიქეც მტვირთველი.

თითქოს ვუხვევდი მართალი გზიდან,
აღარც ტაძრისკენ მიწევდა გული.
ამ დროს კი თურმე მიცქერდნენ ციდან,
მელოდებოდნენ სულგანაბული.

უფრსკრულისაკენ მიმავალ ბილიკს
დაუღლელად და ხალისით ვსდევდი,
და მასზე ნაგებ, უხილავ მახეს
რომ არა რწმენა, – ვერ გამოვლევდი.

მას შემდეგ მივხვდი, მეღმერთს ვუყვარვარ
რადგან მაჩუქა მან მეგობრები,
რომელთა პირით მითხრა უფალმა,
რომ ჩემს წინ იყო დიდი მორევი.

ისევ დავიწყე ფიქრებთან ბრძოლა
და შერცხვენილი გავშეშდი წამით,
სხეულმა ისევ დაიწყო თრთოლვა,
..ძილს კი ეძინა სხვაგან იმ ღამით.
ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


Feb 21 2010

ლექსი არსენალზე

არსენალის ბურთი

ემირატები აშენდა
ჰაიბერი კი დაინგრა,
ვენგერი ვერას ამჩნევდა
არსენალი რომ დაირღვა.

ანრი-ბერგკამპის დუეტი
შეცვალა ერთმა ბენტნერმა
და ტიტულისთვის დუელი
ვეღარ მოიგო ტრენერმა.

უნაიტედის სილვესტრით
არ გვეყო გაძლიერება,
სანამ უილშირი ისწავლის
ვენგერი დაგვიბერდება.

ხუთი წელია ტიტული
თვალითაც აღარ გვინახავს,
ძია ვენგერის ფიტული
ჯერ კიდევ არ დაგვიმარხავს.

გაგვთელეს კონკურენტებმა
სირცხვილი ვჭამეთ დიდი,
სანამ ჩვენ კრედიტს დავფარავთ
ლიგას მოიგებს სიტი.

კარში გვყავს ბურთიყლაპია
და უარესი შემცვლელი,
გამოცდილება გვაკლია
დღეს ბომბარდირობს მცველი.

იმ ზარბაზანის მაგივრად,
უნდა გვეხატოს წყლის თოფი.
თხასავით ვიყიდ-გავყიდეთ
შარშან ამორი ბიშოფი.

ტრავმებიც არ დაგვავიწყდეს,
ვან პერსი გვიწევს უქმად,
ვენგერი მაინც არ ხარჯავს
ვინმეს მოიყვანს მუქთად.

ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი