Jul 22 2010

ბოლო ლექსი

გვესმის მუსიკა, შექმნილი კაცის,
გვიყვარს წიგნები გმირთა შესახებ.
დალევაც გვიყვარს გრეხილი ყანწის,
სანამ სიკვდილის კარებს შევაღებთ.

ნაცნობ ადგილებს ვცვლით უცნობებით,
რათა შევიცნოთ მთელი სამყარო.
ნაპოვნ ყვავილებს ვთვლით უცხო ვნებით,
მერე კი ვცდილობთ შორს გადავყაროთ.

თქვენ ყველას გიყვართ გმირების ცქერა,
მათი დაკრული სიმების ჟღერა.
..ზოგს გაიტაცებს წიგნების წერა,
ღამით ჩაესმის უცნობი ბგერა.

მე აღარ მესმის თქვენი სიმღერა,
მწვერვალზე ასულთ, გიჭირთ დაშვება.
თითქოს მიმწვდარხართ მათ გულის ძგერას,
იქ გიპოვნიათ ლხინი და შვება.

აღარ გიზიდავთ უბრალოება,
უბრალო სიტყვას აღარ თვლით არად.
შორს გისროლიათ უმანკოება,
ვარდის სურნელით გამხდარხართ ავად.

მე ეს არ მიკვირს, რა გამიკვირდეს?
ცხოვრებას ფუჭი ოცნება მართავს.
ჩუმად ვარ, გული რომც ამიყვირდეს
შევეგუები ტყუილ სამართალს.

ისევ გავყვები ბნელ ქუჩებს მარტო,
ისევ ოცნებით შევღებავ აზრებს.
ისევ შემხვდები შენ ცივო მარტო
და შეყვარებას ისევ დამასწრებ.

ლოდინის ქვაზე ჩამომსხდარ ფიფქებს
ისევ შეცვლიან ნუშის ყვავილნი,
ზამთრის სიცივით გათოშილ ფიქრებს
გამოაფხიზლებს კვირტთა კნავილი.

ხან თოვლი მოდის, ხანაც წვიმა წვიმს,
ქუჩაში მაინც ჩანან წყვილები,
მიუყვებიან ზოგჯერ ზღვის ნაპირს,
ჭკნობას ებრძვიან ვით ყვავილები.

არ მესმის თქვენი, მე სხვა ფიქრი მაქვს,
არ მინდა თქვენი ოქროს გალია.
მე ჩემი ტვირთი სადღაც, იქ, მიმაქვს,
რომ ვერ გაგიგეთ, ჩემი ბრალია.

იქნებ ეს ბრალი თქვენც მიგიძღვოდეთ,
ჩაკლული სული გეწვეთ გისერზე.
იქნებ ეგ თვალი თქვენც მიგირბოდეთ
ჩაფლული შუქის მერყევ კიბეზე.

ნანობდეთ იქნებ წარსულ ღამეებს,
ცრემლში ახვევდეთ ტანჯულ გონებას.
აცმაცუნებდეთ მაგ წვრილ ბაგეებს,
ლოცვით ნანობდეთ ძველ მოგონებას.

ან იქნებ ვერც გრძნობთ მხრებზე სიმძიმეს,
სინდისის ქარი არ გიწეწთ გულებს
და ასე ქარგავთ, ხლართავთ სიმ-მძივებს,
სასწორზე იწყობთ ცოდვის აგურებს.

ნუთუ გგონიათ, რამე შეგრჩებათ?
უსამართლობით სიმშვიდეს კარგავთ,
არც ერთი ლუკმა არ შეგერგებათ,
სანამ მინდორზე ხეებს არ დარგავთ.

შემცდარხართ, ყველას მოეთხოვება
პასუხი ყოველ განვლილ ნაბიჯზე,
როცა თავის გზას დაეთხოვება
და აღმოჩნდება სულთა ნადიმზე.

იფიქრეთ, სანამ ფიქრის ძალა გაქვთ,
ვინც ბევრს ინანებს, ის გადარჩება,
ამდენი ტვირთი მხრებით რომ დაგაქვთ..
მოსაცილებლად წამები გრჩებათ.


Jul 21 2010

სპამერობის დღე მხატვრულ ბლოგზე

გამარჯობა, მე შენ აქ შემოგიტყუე, იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა!

გუშინ ვათვალიერებდი ჩემი ბლოგის არქივს და გული სიამაყით მევსებოდა, მართლაც რომ მინიმუმ სასიამოვნო და კარგი საკითხავი ბლოგია, სხვა თუ არაფერი. გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ მკითხველის რაოდენობა ძალიან მცირეა, თითზე ჩამოსათვლელია ერთგული მომხმარებელი.

ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია იმის მისახვედრად, რომ ვიზიტორების გასაზრდელად მაივიდეო.ჯიზე რეკლამის განთავსებას ვერ შევძლებდი, ამიტომაც გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, როგორმე ხმა მიმეწვდინა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის და მეცნობებინა, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსებობს ერთი პატარა ლამაზი მხატვრული ბლოგი.

თუ დავუჯერებთ ტოპ.ჯის მთვლელს, შემიძლია გავიხსენო, რომ ვიზიტორების მაქსიმალური რაოდენობა ერთი დღის განმავლობაში იყო 198. ეს ფაქტიც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან ცოტა ადამიანს თუ სმენია ნოუთს.ჯის შესახებ.

აქამდე ყოველთვის ვერიდებოდი ბლოგის სპამერული გზით დარეკლამებას და მხოლოდ ერთხელ თუ დავაშეარებდი ახალი პოსტის ბმულს ფეისბუქსა თუ ტვიტერზე. წუხელ კი, დაახლოებით ღამის 2-ის ნახევარი იქნებოდა, როდესაც გადავწყვიტე, რომ ჩემს ბლოგზე ნებისმიერ ფასად უნდა გამეზარდა ვიზიტორების რიცხვი, თუნდაც ერთი დღით!

Fეისბუქზე გაზიარებული რამდენიმე ძველი პოსტის გარდა, ძალიან კარგად გამოვიყენე თბილისის ფორუმი, სადაც სასწაულის ძალით გადავურჩი ვორნს. ასე იყო თუ ისე, გადავწყვიტე, სანამ ტოპ.ჯის პერსონალური გვერდების რეიტინგში პირველ ადგილზე არ აღმოვჩნდებოდი, მანამდე არ დავიძინებდი.

ერთი-ორჯერ ლამის ხელიც კი ჩავიქნიე და საძინებელს მივაშურე, რადგან მარუსას ბლოგს ღამის 4 საათზეც კი ემატებოდა ვიზიტორთა რაოდენობა, მე კი მეორე ადგილს ვერაფრით ვერ ვცდებოდი. თუმცა, ბოლომდე ბრძოლამ შედეგი გამოიღო და გამთენიისას 6-ის ნახევარზე ჩემი ბლოგი თავისი 100 უნიკალური ვიზიტორით პერსონალური გვერდების რეიტინგის სათავეში მოექცა.

6 საათზე გათიშული დავწექი და დავიძინე, კმაყოფილებისა და გამარჯვების ღიმის ტუჩებით ვგრძნობდი წყვდიად სიბნელეში და ასე ბედნიერსვე ჩამეძინა.

ამ დროისთვის კი (19:00), ტოპ.ჯის მონაცემებით  ბლოგზე 308 უნიკალური მომხმარებელია შემოსული, რაც 100-ზე მეტიც აღემატება აქამდე დამყარებულ შიდა რეკორდს.

აი ასე იქცა 21 ივლისი სპამერობის დღედ ქართულ მხატვრულ ბლოგზე.


Jul 7 2010

ჭორი თუ სიმართლე? – დიდი დეპრესია

“რა დაემართა? ამ ბოლო დროს ვეღარაა ხასიათზე..”

“იკაიფე, დავითა აღარ იცინის, ვინ იფიქრებდა”

“რა ჭირს მაგ ბიჭს? მაგრად შეიცვალა”

“როგორც თვითონ ამბობს, გამოცდების ბრალია, მაგრამ ეგ გამოცდებიც მაგრად კიდია..”

“ბლოგზეც აღარ წერს, როგორც თვითონ თქვა, ისვენებს, მაგრამ ამდენი ხანი? დაბრუნდება საერთოდ?”

“ბოლოს როდის დაწერა ლექსი? არც ისე ნიჭიერი ყოფილა, მეტს ველოდი მისგან”

“ეს თავის გადაპარსვა რაღა იყო?”

“მაგარი ზარმაცია, ეგ ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში, ყველაფერი ეზარება, მოტივაცია არ გააჩნია”

“პოტენციალი აქვს, მაგრამ ვერასდროს გამოიყენებს, გასაფლანგადაა განწირული მაგის ნიჭი”

“ან ეს ბოლო პოსტები რას გავს, ძალითაა დაწერილი, ვინ იყო მაგის მუზა? ნუთუ მისი ბრალია?”

“ეგ ვერაფერს მიაღწევს”

“ვერაფერს მიაღწევს”

“ვერაფერს”

….

ესაა, ეს არის ხალხის შეფასება, შეფასება, რომელიც შორიდან დანახულიდან გამომდინარეობს. ერთი შეხედვით, თვალის მოკვრით გამოტანილი დასკვნები, არავინ იხედება შიგნით, ღრმად, სულში. იქნებ მე არ ვუშვებ არავის? შეიძლება, მაგრამ რატომ? ხომ უნდა არსებობდეს მიზეზი? მიზეზიც არსებობს, როგორ არა. ვერ ვგრძნობ, რომ ვინმეს მართლა უნდა ჩემს შიგნით შეხედვა, ჩემი არეკვლა, ჩემი დანახვა, ჩემი აღქმა. არა, ყველაფერი მოვალეობის მოხდის მიზნით ხდება, ნამდვილად რომ აინტერესებდეს ვინმეს, შემოანგრევდა კარს და შემომივარდებოდა სულში, ძალით მომკიდებდა ხელს, ამომათრევდა ჭაობიდან, ზურგზე მომიკიდებდა, ხელში ამიყვანდა, შეუძლებელია ვინმეს ნამდვილად სურდეს ჩემი დახმარება.

ხანდახან მე თვითონ ვიქცევი ისე, თითქოს არაფერი მიჭირს, პირიქით, ძალიან კარგად ვარ, უმაღლესად, ჯადოსნურად, იმდენად თავდაჯერებულად ვიქცევი, მართლა ვიჯერებ ხოლმე, რომ ყველაფერი კარგადაა. არადა ხომ ვიცი, შინაგანად ვკვდები, სადღაც ვეშვები, არადა მეგონა სულ მაღლა წავიდოდი, გავქვავდი, გავშეშდი, განვითარება შევწყვიტე, ადრე უკეთესი ვიყავი, ვუარესდები.

არც ერთი გოგო არ მიჩერდება, 1 თვეც ვერავინ მიძლებს. მეგონა, მათში იყო პრობლემა, მაგრამ ყველაში? ყველა პრობლემატურია? მე ვარ მარტო უნიკალური? არა, ალბათ მე თვითონ ვარ მთავარი პრობლემა. ვდგავარ წვიმაში და ვწუხდები, ვერ ვხდები რომ მაწვიმს, მაგრამ ვწუხდებდი. წვიმა მსიამოვნებს, მაგრამ რომ მაწვიმს ეგ მაწუხებს, წვიმის წვეთების შეხება სასიამოვნოა.

რაღაც შეიცვალა, შიგნით გამოიცვალა, სულში მოხდა გარდატეხა, ვერ ვხსნი, არ ვიცი რა ხდება. არც ერთმა არ ვიცი, სამივემ გავჭედეთ.

არ ვიცი. დახმარება მჭირდება.


Jun 23 2010

Doody ქუჩაში

დიდი ხნის წინათ, მარიმარისტერმა დამთაგა ამ პოსტში.

მე კი, რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი და წერა არ შემეძლო.

ეს კი, ერთგვარი Guess-who’s-back პოსტი იქნება მხატვრულ ბლოგზე.

დიახ, ვეცდები დავბრუნდე!

ქუჩაში, მტვერში ან თუნდაც სკვერში.

რას ვბოდიალობ? ამ ბოლო დროს მარტო ლექსებს ვწერ და იგრძნობა გავლენა. ფორმიდანაც ამოვარდნილი ვარ, რას ვწერ მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს გავხურდები და ბოლომდე ჩავალ.

როგორ?

ხო, უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის საგრძნობლად მიხარია, როდესაც ვინმე მე ან ჩემს ბლოგს ცნობს, ან უბრალოდ სმენია ჩვენს შესახებ. ამიტომ, თუკი ასეთები თქვენს შორის კიდევ არსებობენ და სადმე დამინახავენ, შეუძლიათ, მოვიდნენ, ხელი ჩამომართვან, შაურმა მიყიდონ და ა.შ.

და მაინც, თუკი უფრო თავგადაკლული მკითხველებიც არსებობენ (რაც ალბათ ძალიან გადავაჭარბე), ისინი უთუოდ დაინტერესდებიან იმით, თუ  სად შეიძლება რომ შემხვდნენ, ანუ იმ ტერიტორიით რომელზეც მე დავნარნარებ ყოველდღიურად.

1. თემქა – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ჯერ ხალხმა არ იცის რა არის ბლოგი და არც ეუბნებიან.

2. ალბათ ერთგულ მკითხველს ისიც ეცოდინება, რომ მე არ ვმუშაობ და არ გამაჩნია შემოსავლის წყარო. სწორედ ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუკი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ასეთ მდგომარეობაში მიხილავთ.

3.  ჩემი აღმოჩენა ასევე შესაძლებელია ბლოგერების ექსკურსიაზე, რომელიც გასულ კვირას მოეწყო ჩარგალში და რომელზეც არა ერთი რამ ითქვა და დაიწერა. ასე რომ, თუ თქვენ გიყვართ Doody (მბლოგავი) და გსურთ მასთან ერთად დღის 60%-ის გატარება, აუცილებლად წადით შემდეგ ექსკურსიაზე, სადაც აღმოაჩენთ მას ჩვეულ გასამებულ მდგომარეობაში.

4. თუ თქვენ გამოცდები მაღლივში გიტარდებათ, გაგიმართლათ, რადგან Doody-ისაც მაღლივში უტარდება გამოცდები.

5. ასევე Doody-ის ამ ბოლო დროს, სხვა ბლოგერებთან ერთად ხშირად შეხვდებით ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოობით.

6. Doody-ის ძალიან მოეწონა მთაწმინდის პარკი, მისთვის იგი მუზების აღმძვრელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით საღამოს, მზისჩასვლისას. ასე რომ, იქაც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი სიმპათიური მბლოგავი.

აი ასეთი ბედნიერია ხოლმე Doody იქ:

7. და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ უკვე იცით, Doody-ის არ უყვარს ტაქსები, რადგან იქ ვერავის დაუთმობს ადგილს და იკარგება მისი ზრდილობის ეტალონი, ამიტომაც მას ხშირად შეხვდებით მეტროსა და ყვითელ ავტობუსებში.

პ.ს. ვინც ჯერ არ იცით, Doody მბლოგავის ახალი მეტსახელია და შეგიძლიათ ასე მოიხსენიოთ, თავად ძალიან მოსწონს.

Doody მოუთმენლად ელოდება თავის მკითხველთან შეხვედრას.


Jun 4 2010

გზაჯვარედინი

ქართული მხატვრული ბლოგი გთავაზობთ პირველ მხატვრულ რომანს, სახელწოდებით “გზაჯვარედინი”. რომანი ორი ადამიანის ცხოვრების წამიერ გადაკვეთას ასახავს და მოგვითხრობს, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ორი ადამიანის ცხოვრებაში მანამ, სანამ ისინი ერთმანეთს გაიცნობენ და მერე..

ანი თავის “ჩუტყვავილებით” მორთულ ლეპტოპს მისჯდომოდა და ყურადღებას არ აქცევდა დაორთქლილ ფანჯრებს მიღმა სუიციდური თავგანწირულობით მიწისაკენ მიმავალ ფიფქებს. ფიფქებს, რომელთაც დარწმუნებით გადაეწყვიტათ ღრუბლებს განშორებოდნენ.. განშორებოდნენ ნაანდერძევ სიმაღლეს და მიწაზე დანარცხებულიყვნენ, სადაც მტვრიანი ფეხსაცმლის ძირები გაფლანგავდნენ მათ ნაჩუქარ სისპეტაკეს, თანაც, არც დროებითი განწმენდა უშველიდათ და ისევ აეკრობოდათ ძირებზე ჭუჭყი. ფიფქებს ალბათ გაგონილი ექნებოდათ, რაც მოელოდათ მიწაზე, ან შეიძლება არც კი სცოდნოდათ და მათი საქციელი სულის სიღმიდან ამონაკივლი თავგანწირული პროტესტიც კი ყოფილიყო.. მაგრამ, თვალების გახელა ხომ ქუთუთოების აწევაზე გაცილებით მეტია და ცოტას თუ აქვს ეს გაცნობიერებული. ანი ერთიშეხედვით ლაღი, თავისუფალი და ცოტათი თავქარიანი გოგონა იყო, მისი თვალები იმ ცის ფერის ფერი იყო, რომელსაც წუთის წინ ფიფქები რიგ-რიგობით სწყდებოდნენ..

..არც ლაშას მიუქცევია ყურადღება ფიფქების ერთიან, ერთ მუშტად შეკრულ თავგანწირვაზე, ალბათ მაშინ არც კი იცოდა, რომ იმ ღამეს ცაში არც ერთი ფიფქი არ დარჩენილა.. ლაშა არ იყო ცუდი ბიჭი, პირიქით, იშვიათი გულკეთილობით გამოირჩეოდა, არ შეეძლო ვინმესთვის ეღალატა, მოეტყუებინა ან უსამართლოდ მოქცეოდა. ერთი ის იყო, რომ ყოველთვის ცდილობდა რაიმე სასაცილო მოემოქმედებინა, გამუდმებით ათას სისულელეს იგონებდა და ყველას ამხიარულებდა. არავის არასოდეს მოიწყენდა და არც სხვას მოაწყენდა. მაშინ 16 წლის იყო და არც ფიქრობდა სხვა რამის გაკეთებაც თუ შეეძლო. საათობით იდგა სარკესთან და ცდილობდა ბადე რაც შეიძლებოდა შორს გადაეგდო მიმიკების ზღვაში. ლაშა გოგოებსაც მოსწონდათ და არც უმალავდნენ, თუმცა მაინც უხერხულობას გრძნობდა მათთან, არ იცოდა რა ეკეთებინა, სინამდვილეში კი, რასაც აკეთებდა, კარგად გამოსდიოდა და ხშირად მის ქცევებს გოგონების ხანგრძლივი კისკისიც მოჰყვებოდა ხოლმე, თუმცა თვითონ გამუდმებით უკმაყოფილო იყო საკუთარი თავის და როდესაც სახლში ბრუნდებოდა, უამრავი აზრი მოუვიდოდა ხოლმე თავში, რისი გაკეთებაც უკვე განვლილ მომენტში უკეთესად წარმოედგინა და ნანობდა, მაშინვე რატომ არ მოაფიქრდა. ლაშა თვლიდა, რომ გოგოების სიმპათია მისი სულელურად სასაცილო ქცევების ერთჯერადი შედეგი იყო და მასთან სერიოზულ ურთიერთობას არავინ მოისურვებდა. ვინ იცის, იქნებ მართალიც იყო. ეს უხერხულობა კი კარგა ხანს გაჰყვა..

(გაგრძელება იქნება)


May 27 2010

ყველაზე პატარა ლექსი

მიყვარ
ხარ.

May 25 2010

ჩემს სექსუალურ მუზას!

ნუთუ ვერ ხედავ რა მემართება, შენ მე მაგიჟებ!
მანიაკივით ვიქცევი შენთან, მთვარეულს ვგავარ!
გული მერევა, როცა მაგ ცეცხლის მკერდზე მპატიჟებ
მხოლოდ შენ ძალგიძს რომ გამაგიჟო,  ჭკუას გადავალ.

მე შეშლილი ვარ, შიზოფრენიკი, გადარეული,
ყელი გამოგჭრა მინდა და ხანაც სექსი მსურს შენთან.
შენც მანიაკო, ჩემი ვნებების ხარ მზარეული
მოდი ერთხელაც ჩვენი ლტოლვისთვის კოცონი შევქმნათ.

შენ გახრწნილი ხარ, ვნებებს აჰყევი, ღრმად იძირები
მაინც მიზიდავ, მაინც აღმაგზნებ, მაინც ვირევი.
მინდა შენს მკერდზე შემოვაწყო კედის ძირები
მერე თუ გინდა დამკბინე ზურგზე, არ გავინძრევი.

და ის რაღაც, რაც ასე ძალიან მიზიდავს შენში,
ალბათ ისაა, რომ შენც გიჟი ხარ, შენ რჩები ჩემში
როცა გიყურებ, მაგ შენს თვალებში ანგელოზიც ჩანს,
თუ ღრმად ჩაგხედავ, ჭირვეულობის ვხედავ ხალიჩას.

შენ ეშმაკი ხარ ქალად ჩაცმული, მგზნებარე, ავი
მაგრამ მინდიხარ, ჯერ კიდევ არ მომაბეზრე თავი
არ გავხარ კეკლუც, ცანცარა, სულელ, პატარა გოგოს,
რომელმაც იცის და თან არც იცის რა მოიგონოს.

შენ ხარ მელანი ჩემი კალმისა, როცა რამეს ვწერ
როცა ფურცლებით გარშემორტყმული  რითმებს დავეძებ.
შენ რომ წახვიდე, რომ მიმატოვო, ვენებს დავისერ,
შენ ხარ მიზეზი, რომ ვიარსებო, რომ არ დავეცე.

შენ უზრუნველყობ ნათებას ჩემში, ახლოს ხარ სულთან
ჩემთვის მიწა ხარ, ის ჰაერიც ხარ, რომელსაც ვსუნთქავ,
შენ ის სიტყვა ხარ, რომელსაც ვეძებ გრძნობის სათქმელად
შენ შაურმა ხარ, რომელსაც ვერვის მივცემ საჭმელად.


May 24 2010

გა(მე)ორება

- თავის დაუფასებლობა დაგღუპავს შენ.

- ა?

- რაც გაიგე.

- შემეშვი რა, მეძინება.

- ვიცი, რომ ჩვენს სხეულს ეძინება.

- ოხ, დაბრუნდა მეორე მე?

- ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვინაა მეორე.

- აუ, თქვენ ისევ დაიწყეთ? დამაძინეთ რა.

- გვაცადე რა საუბარი.

- მართლა დაგვაცადე, ხომ ხედავ, პრეტენზიები აქვს ალტერას.

- შენ ცინიკოსობაც გისწავლია, მაგრამ საკუთარი თავის დაცინვა ვერაფერი შვებაა.

- აჰა, უკვე საკუთარი თავიც გახდი?

- მორჩი მაიმუნობას და საღად აზროვნება ისწავლე, ვერ ხვდები, რომ საკუთარი თავის ფასი არ იცი?

- საიდან მოიტანე?

- შენი ქცევებიდან.

- და რა უნდა დავიფასო?

- აბა თუ გამოიცნობ.

- შენი ნერვები არ მაქვს, სხვა დროს იყოს, მაგალითად ხვალ, ავტობუსში.

- კარგი..

ბარემ ბოლომდე წაიკითხე პოსტი


May 24 2010

სიბერე

მე ამ სიცოცხლის ვერ გამიგია.
სიცოცხლის, ვითომ დღეს რომ ჩემია.
ცოდვების წიგნი ხელთ ამიღია
და ერთი ცოდვა შემომრჩენია.

ვგრძნობ, რომ ოდესმე მასაც ჩავიდენ
და არ მასვენებს ეს ერთი კითხვა,
თუკი ამ წიგნში ვეღარ ჩავიწერ,
რაც სულში ასე ხშირ-ხშირად ითქვა.

ვერ გამიგია, თუ ეს სიცოცხლე
საჩუქრად მერგო ლურჯი ზეციდან,
მაშინ ამდენი რისთვის ვიცოცე
- რომ საჩუქარი ტვირთად მეზიდა.

არ შემძლებოდა ამ დიდი ძღვენის,
როგორც მინდოდა, ისე ხმარება.
ნუთუ ეს ტკბილი და სავსე დღენი
მწარედ და ჩუმად გამეპარება.

არა, არ მინდა, არ მინდა ასე,
არ მინდა მოვკვდე, როცა არ მინდა.
თეთრი თმა-წვერი თუ გავიპარსე,
თუ შემაშინა ცუდმა ამინდმა.

თუკი ვიგრძენი მუხლში სისუსტე
და დამავიწყდა, რაც კი ვაკეთე.
მაშინ ის ქარი რისთვის ვისუნთქე
თუ საბოლოოდ მე ვერ გავკვეთე.

არც ეგ სიბერე არ მისურვია,
რა სანატრელი თეთრი თმებია,
თუკი თავისთვის ვერ მიურვია,
ჩემს სიყვარულს კი ერქვას ბებია.

ვერ შევძლებ, ვერა, დიდხანს სიცოცხლეს,
ალბათ სუსტი ვარ, ამას რომ ვამბობ.
აღარ შემხედავს არც ერთი ქალი,
დაიწუნებენ მოხუცის ამბორს.

როცა ამ სიტყვებს ფურცელზეც კი ვწერ,
მინდა ვიცოდე ჩემი სასჯელიც.
თუ ჯოჯოხეთის ფსკერზე დავიწევ,
მადლი იქნება ეგ სატანჯველიც.

და მაინც, რამდენ ჩემნაირს ვნახავ,
იქ არ იქნება ვინმე ბებერი.
ფიქრის ქვიშაზე თითით მოვხაზავ
როგორ მიბღვერს და მკიცხავს მე ბერი.

ყოველი სტროფი უფრო ამძიმებს
ჩემს სათქმელს, სულს და ჯერ კიდევ შავ თმას.
როგორ გავუძლო ცოდვის ამ მძივებს,
როცა ვიცი, რომ იქ ცეცხლი შთანმთქავს.

არა, სიცოცხლე მაინც ტკბილია,
თუ არ დაბერდი, ბევრ რამეს კარგავ.
როცა შენს განვლილ ცხოვრებას თვალწინ
როგორც ობობა ქსელს, ისე ქარგავ.

მერე რა, თუკი თმა გაგცვენია
და გიკანკალებს მთელი სხეული,
მაშინ ხომ უკვე აღარც გრცხვენია
და სიკვლის ელი ცრემლმორეული.


May 23 2010

17.04-18.05

17-ში ვნახე პირველად, უცებ
ჩემი ფიქრები ერთად შეიკრა.
აღარ შემეძლო აზრის დაწყობა,
გონება კიდევ ერთხელ შეირყა.

18-ში ფიქრებს ღამით ეღვიძათ,
ვერ პოულობდნენ სხვა რამ საფიქრალს.
ტვინში ქარივით რაღაც შეიჭრა
და მგონი ტვინი სულ მთლად გამიქრა.

როცა მითხრეს, რომ შენზე თქვაო,
მოწონებია ჩემი ნაკვთები,
ორშაბათს იყო, 26 აპრილს,
იმ ღამეს დავრჩი ღამენათევი.

მერე ვცდილობდი სადმე მეპოვნა,
მახსოვდა გვარი იყო მეგრული.
Fეისბუქისთვის უნდა მეთხოვნა
არ დაეწყვიტა მას ჩემთვის გული.

და არც დამწყვიტა, აღმოვაჩინე
ჩემს მეგობრებში იყო მეგობრად.
მე კი ის მათგან გამოვარჩიე,
ფერმაშიც მყავდა მერე მეზობლად.

ასე დავშორდი ნელ-ნელა ნაპირს.
თავიდან წყალიც არ ჩანდა ცივი,
მაგრამ შორს იყო მეორე მხარე,
ვერ მიაღწევდა იქ ჩემი ტივი.

მეორედ ვნახე, არ მახსოვს როდის,
ჩემს ლექციაზე შემოყვა დაქალს.
მერე კი ვხედავ, გარეთ გამოდის
და მაშინ ვამჩნევ ჩემს გულზე ლაქას.

მესამედ ვნახე, მერე მეოთხედ.
აღარც ვითვლიდი უკვე ამ ნახვებს.
მაგრამ ვერ ვგრძნობდი მას ჩემს მეორედ
და გულის ჭრილზე ვიდებდი ნახვევს.

ასე ვცურავდი ზღვის ცივ ტალღებში,
ვერ ვგრძნობდი შვებას, მეორე ნაპირს.
სულ მას ვხედავდი უცხო ქალებში
და ვუმატებდი იმათკენ ნაბიჯს.

13 რიცხვი მოვიდა სხვა თვის.
იმ დღესაც ვნახე, რომ მოიხედა..
..და შეეწერა ტაქსისტს მართვისთვის
მანქანის საჭე ვერ მოიხელთა.

მას შემდეგ ჩემში ლავამ იფეთქა,
- სიცოცხლეს მეტი დაედო ფასი,
თურმე ღმერთისთვის ჩვენი მცდელობა
უსუსურია, ამაო, ფარსი.

და იმ დღის მერე ისევ ვცურავდი,
ისევ მინდოდა ზღვის გადაცურვა
და თან ფიქრებში ზღაპარს ვუკრავდი
ოცნების ქვიშამ რომ გადახურა.

და მაინც ბოლოს დავრჩი შუაში,
ვეღარ ვხედავდი ვეღარც ერთ მხარეს.
ფსკერზე კი იწვა მარტინ იდენი
და იგონებდა გრძნობას მხურვალეს.

და დღესაც ვნახავ, ალბათ ბოლოჯერ,
მერე ნელი სვლით დავიხევ უკან.
ჩემთვის ადრეა ჯერ ფსკერზე წოლა,
ჯერ არ უფეთქავს უმთავრეს ვულკანს.

უკვე ვეჩვევი ჩემს ასეთ ყოფას,
ვერც წარმოვიდგენ ჩემს თავს ბედნიერს.
ალბათ არ შექმნა ღმერთმა ის ქალი,
ვინც დაამშვენებს ჩემს ინტერიერს.

და მაინც, ისევ ისეთი დავრჩი
ისევ ვიცინებ, ისევ დავცინებ.
აღარ ვიცურებ, ჩავჯდები ნავში
და გრძნობებს საშრობ თოკზე დავკიდებ.

დავტკბები წამით, სხვადასხვა ქალით,
მაგრამ არავის მოვუშვებ ახლოს.
ქარი წამიღებს მოტანილს ქარის,
ჩემს გულს რომ ხელი ვერავინ ახლოს.